რიჩარდ ნორლანდი: ვბრუნდები ქვეყანაში, რომელიც პრაქტიკულად ფერფლიდან აღდგა

რიჩარდ ნორლანდი: ვბრუნდები ქვეყანაში, რომელიც პრაქტიკულად ფერფლიდან აღდგა

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე რუთ ბეიდერ გინსბურგმა საქართველოში აშშ–ის ელჩის, რიჩარდ ნორლანდის ფიცი ჩაიბარა. ფიცის დადების ცერემონიისას წარმოთქმული რიჩარდ ნორლანდის სიტყვას უცვლელად გთავაზობთ.

მოსამართლე გინსბურგ, დიდი მადლობა პატივისათვის, რომელიც ფიცის დადების ცერემონიალზე დასწრებით დამდეთ. მადლობა იმის შეხსენებისათვის, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ფიცს. ცოტა ხანში მოგახსენებთ, რას ნიშნავს ჩემთვის და თითოეული ჩვენგანისათვის თქვენი აქ ყოფნა. სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბერნს, თქვენ დიპლომატიური სამსახურის ყველაზე მაღალი რანგის თანამშრომელი ბრძანდებით. ის, რომ დღევანდელ ცერემონიას უძღვებით, ჩვენს პროფესიონალიზმში  თქვენი ნდობის დასტურია. დიდად ვაფასებ თქვენს მხარდაჭერას. ვიცი, რომ ამ ოთახში შეკრებილი ყველა ადამიანი თაყვანს სცემს ამერიკულ დიპლომატიაში შეტანილ თქვენს ღვაწლს. თეონა დვალი, ვფიქრობ, ბენ ფრანკლინის ოთახს არასოდეს რგებია პატივი, ასეთი მშვენიერი ნოტებისათვის ესმინა – მადლობა თქვენი გამოსვლისათვის. ბატონო იაკობაშვილო, მადლობა სტუმართმოყვარეობისათვის, რომელის იანამ და თქვენ მერისა და ჩემ მიმართ გამოიჩინეთ. მოუთმენლად ველოდები თქვენთან თანამშრომლობას აშშ–საქართველოს ურთიერთობების გასაღრმავებლად.

ქალბატონებო და ბატონებო, თქვენი აქ ყოფნა ჩემთვის – და იმედი მაქვს, ქართველი ხალხისთვისაც – შთამაგონებელია. ბატონო იაკობაშვილო, აქ შეკრებილი ადამიანები მხოლოდ ნაწილია ძალიან ბევრი მეგობრისა, რომელიც საქართველოს შეერთებულ შტატებში ჰყავს. ამ ადამიანების აქ ყოფნა სიმბოლოა იმ საერთო მიზნების, ღირებულებებისა და სურვილებისა, რომელიც ჩვენს ერებს მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის აერთიანებთ.

ჩემთვის დიდი პატივია, რომ პრეზიდენტმა ობამამ საქართველოში აშშ–ის მომდევნო ელჩად წარმადგინა. მინდა, მადლობა გადავუხადო მას და სახელმწიფო მდივან კლინტონს გამოჩენილი ნდობისა და მოცემული დავალებისათვის. ვიცი, რომ ელჩის თანამდებობაზე ვცვლი უაღრესად კომპეტენტურ კოლეგას, ელჩ ჯონ ბასსა და სხვა გამოჩენილ ყოფილ ელჩებს საქართველოში. ბედნიერი ვარ, რომ რამდენიმე მათგანი დღეს აქ იმყოფება. მოუთმენლად ველოდები ელჩის თანაშემწე ბრიჯიტ ბრინკსა და სხვა ჩემს ამერიკელ და ქართველ კოლეგებთან მუშაობის დაწყებას თბილისში, სადაც რამდენიმე კვირაში გავემგზავრები და პრეზიდენტ სააკაშვილს რწმუნებათა სიგელს გადავცემ. ბედნიერი ვარ, რომ ტრიშ ლარა დამთანხმდა, იყოს ჩემი ოფის–მენეჯერი საქართველოში.

ქართულ ენაზე ამ ქვეყანას „საქართველო“ ჰქვია. „საქართველო“ - ამ სიტყვას ენა სულ იოლად წარმოთქვამს. ამბობ „საქართველოს“ და თვალწინ გიდგება ქვეყანა, რომელიც ისტორიის შუაგულში დგას, საუკუნეთა განმავლობაში იმპერიების ტექტონიკური ფილების შესაყარზე. რომაელები, ბერძნები, სპარსელები, არაბები, მონღოლები, ოტომანები და რუსები – ქართველებს ყველა უნახავთ. აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელ სტრატეგიულ გზაზე მდებარე საქართველო დღესაც ისტორიული მოვლენების ეპიცენტრშია. დასავლეთი აზიისაკენ მიისწრაფვის. სავაჭრო და კულტურული ურთიერთობები გეზს იცვლიან და ახალი მიმართულებით კონტინენტიდან კონტინენტზე ინაცვლებენ.

ხშირად არ ხდება, რომ ადამიანი ელჩად ბრუნდება ქვეყანაში, სადაც ადრე უმუშავია. ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის კომისიის (CSCE) სადამკვირვებლო მისიის წევრობისას, 1993 წელს, საქართველოს ისტორიის ყველაზე მძიმე და სასოწარკვეთილ პერიოდს შევესწარი. მე იმ დიპლომატიური კორპუსის შემადგენლობაში ვიყავი, რომელიც პრეზიდენტმა შევარდნაძემ სოხუმში შეკრიბა. სოხუმს ამბოხებულები უტევდნენ, მე კი დამწუხრებული ვიყავი ჩვენი საერთო უძლურებით, რომ ძალადობის შეჩერება არ შეგვეძლო.

უფრო მეტად საკვირველია, რომ ვბრუნდები ქვეყანაში, რომელიც პრაქტიკულად ფერფლიდან აღდგა – სიცოცხლით სავსე, თუმცაღა ახალგაზრდა დემოკრატიის მქონე ქვეყანაში, რომელსაც ბევრი ეკონომიკური და პოლიტიკური გამოწვევა ელოდება, მაგრამ მის მრავალფეროვან და დინამიურ ხალხს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, წინ იაროს. ამჯერად ვბრუნდები მერისთან ერთად, რომელიც ჩემი ქაბულში ყოფნისას „წარმოსახვით ქმარს“ მიწოდებდა. მოუთმენლად ველი იმ დღეს, როდესაც მას [საქართველოში] ადრე ნანახ ადგილებს ვაჩვენებ: 2000 წელზე მეტი ხნის ძველ დედაქალაქ მცხეთას, განცალკევებით მდგარ ეკლესიებს, რომელიც მთიან პეიზაჟებს ამშვენებს. მინდა, რომელიმე ეკლესიაში მერის მომაკვდავი დედის სახელზე სანთელი დავანთო. იქნებ სამხრეთ ოსეთის რეგიონის ერთ მთიან სოფელშიც ჩავიდეთ. მახსოვს, იმ სოფელში გაუტეხელ მოხუც ქალს შევხვდი, რომელსაც თავი მიწის მცირე ნაკვეთის დამუშავებით გაჰქონდა.

ვგრძნობ, რომ დავალების შესასრულებლად მზად ვარ – ისე მზად, როგორც შესაძლებელია, რომ ვიყო. ეს კი იმ ხალხის დამსახურებაა, რომელიც ამ ოთახშია. მადლობა სახელმწიფო მდივნის მოადგილე გორდონის გუნდს ევროპულ საქმეთა ბიუროდან, აგრეთვე საკანონმდებლო საქმეთა ბიუროს ექსპერტებს, რომლებიც დიდად დამეხმარნენ ჩემი კანდიდატურის განხილვისას. მადლობა ლორა ჰემონდსა და ქეიჯი მურს საქართველოს საქმეთა განყოფილებიდან მათი შეუფასებელი დახმარებისათვის. განსაკუთრებული მადლობა თქვენ, შენონ ჰარდი, რომლისთვისაც ფიცის დადების დღევანდელი ცერემონიალი მარტო მიმდინარე კვირაში რიგით მეცხრეა.

მეგობრები, ყოფილი ხელმძღვანელები, აგრეთვე ყოფილი კოლეგები, რომლებიც დღეს აქ არიან, დამეხმარნენ, გავმხდარიყავი დიპლომატი. ამ ადამიანებისათვის მადლობის სათქმელად სიტყვები არ მეყოფა. თქვენი დამსახურებაა ჩემი სიყვარული დიპლომატიური სამსახურის მიმართ, აგრეთვე ჩემი ღრმა პატივისცემა კოლეგების მიმართ სახელმწიფო დეპარტამენტში, პატივისცემა სხვადასხვა უწყებების თანამშრომელთა, აგრეთვე ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა მიმართ. მამაჩემის თაობის გამორჩეული დიპლომატებიდან მოყოლებული, ჩემი თაობის ელჩებით, უფროსი და უახლესი მეგობრების ჩათვლით, მაქვს პატივი, იმ პროფესიის ნაწილი ვიყო, რომელიც ადამიანებში ჰუმანიზმს აღვივებს და სიდინჯით ქმნის ისტორიას.

ჩემთვის დიდი პატივი იყო, რომ ომის ნაციონალურ კოლეჯში – ქალაქის გადაღმა, ფორტ მაკნეირში – ჯორჯ კენანის ძველი ოფისი მეჭირა. სიამოვნებით მინდა, გითხრათ, რომ აქ იმყოფება გრეის კენან უორნეკი, ჯორჯ კენანის უფროსი შვილი. გრეის, დიდი მადლობა, რომ მოხვედით. მადლობა ომის ნაციონალური კოლეჯის მეთაურს, პროფესორ–მასწავლებლებსა და თანამშრომლებს. ისინი ერთგულად უფრთხილდებიან პრინციპებს, რომლისაც ჯორჯ კენანს მტკიცედ სჯეროდა. ეს პრინციპია დიპლომატებისა და სამხედროების პარტნიორობის მნიშვნელობა, რათა უკეთ გავიგოთ კავშირი პოლიტიკასა და ომს შორის, თუკი მშვიდობის შენარჩუნება გვსურს. ამ პრინციპის ყველაზე ნათელი გამოხატულებაა სამხრეთ ავღანეთში, მხარდამხარ მებრძლი მამაცი ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცების მიერ გაღებული მსხვერპლი.

ჩემი გარდაცვლილი მამის, დონ ნორლანდის წყალობით, ჩემი ფესვები აიოვაშია. მინდა, მადლობა გადავუხადო აიოველ ნათესავებსა და მეგობრებს, მთელ ოჯახს, რომელმაც შორი გზა გამოიარა, რომ დღეს აქ ყოფილიყო. მათი დამსახურებაა, რომ საზღვარგარეთ გატარებული არა ერთი წლის მიუხედავად, არ მოვწყდი ამერიკულ ფესვებს. 92 წლის დედაჩემი ჩემს და კიტთან ერთად ცხოვრობს. კიტიც დიპლომატიურ სამსახურშია. ის და მისი დიპლომატი–პარტნიორი ანჯელა ლაოსის დედაქალაქ ვიენტიანში მსახურობენ და წლის ბოლოს შინ ბრუნდებიან. აქ არის ჩემი ძმა დევიდი და მისი ოჯახი. დევიდი რენეგატია. მან მიატოვა დიპლომატიური სამსახური, საბანკო სფეროში გადაინაცვლა და ახლა ჩემს პატიოსნებას მხოლოდ საჩოგბურთო კორტზე სცდის.

გაგვიმართლა, რომ ჩვენი შვილები, დენიელი და კეიტი, სულ ბოლოს კი დენიელის მეუღლე ჯენი, ჩვენი თავგადასავლების მონდომებული და ენთუზიასტი მონაწილეები იყვნენ. დღეს მათ ყველას თავისი კარიერა აქვს, რითაც დიდ სიხარულს გვანიჭებენ – მაგრამ უნდა შევნიშნო, რომ არცერთ მათგანმა არ აირჩია დიპლომატია. კეიტმა ერთხელ, თინეიჯერობისას, გამოგვიცხადა: საინტერესო იქნებოდა დიპლომატობა... ოღონდ არა სახელმწიფო დეპარტამენტსა და საელჩოებშიო. შარშან შვილიშვილი შეგვეძინა. ასე რომ ახლა პატარა ელიზე მიჭირავს თვალი. ვნახოთ, რა გამოვა.

მოსამართლე გინსბურგ, ზემოთ ვთქვი, რომ მოგახსენებდით, რატომ ნიშნავს ბევრს, თქვენი აქ მოსვლა. მიზეზი მარტო თქვენი ინტერნაციონალისტობა არ არის – თქვენ შვედეთში ცხოვრობდით, ბევრს მოგზაურობდით მსოფლიოს გარშემო და მტკიცედ გჯერათ კანონის უზენაესობისა და უნივერსალური კონცეფციებისა, რომელიც განუსაზღვრელი ოდენობის იურიდიულ კოდექსებსა და იურიდიულ საქმეთა წარმოებებშია ასახული. მაგრამ მხოლოდ ერთეულებმა თუ იციან, რომ 1961 წელს საერთაშორისო საპროცედურო პროექტზე სამუშაოდ შვედეთში გამგზავრებამდე თქვენ საგანგებოდ შეისწავლეთ შვედური ენა. ეს ერთი მიზეზიც საკმარისია, რომ ფართოდ გაგიღონ დიპლომატებით სავსე ოთახის კარი. მეტიც, თქვენ ქალთა უფლებების აქტიური დამცველი იყავით, როგორც იურისტი, მოსამართლე და უზენაესი სასამართლოს მსაჯული, აგრეთვე როგორც იურისტის მეუღლე, რომელთანაც სიყვარულსა და პატივისცემაზე დაფუძნებული თანასწორუფლებიანი პარტნიორობა  გაკავშირებდათ. ვისურვებდი, დღეს თქვენი მეუღლე მარტიც ჩვენთან ერთად იყოს. მინდა გჯეროდეთ, რომ პრინციპები, რომელთაც თქვენ მტკიცედ იცავდით, საფუძვლად დაედება მერისა და ჩემს მუშაობას საქართველოში. მერი ქალთა უფლებების დამცველი ადვოკატია. ის ჩემი შეუცვლელი პარტნიორია ყველა საქმეში, რასაც ვაკეთებ. მერი იმ გზის გამგრძელებელია, რომელიც თქვენ ინტელექტით, სიმტკიცითა და მომხიბვლელობით გაკვალეთ.

მოსამართლე გინსბურგ, ბატონო იაკობაშვილო, ქაბატონო დვალი, ძვირფასო ბატონებო, აი, სულ ეს არის, რისი თქმაც მინდოდა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა აქ მობრძანებისათვის. გთხოვთ, გვეწვიოთ საქართველოში, ულამაზეს ქვეყანაში დიდებული წარსულითა და იმედის მომცემი მომავლით. სასიამოვნო საღამოს გისურვებთ.