ალა კახნიაური:  „ბურჯის“ ქონების მყიდველი ჯერ-ჯერობით პირობით გამარჯვებული ფირმაა

ალა კახნიაური: „ბურჯის“ ქონების მყიდველი ჯერ-ჯერობით პირობით გამარჯვებული ფირმაა

შპს „ბურჯის“ ადვოკატის ალა კახნიაურის განცხადებით, შპს „ბურჯის“ ქონება  აუქციონზე 8 761 513. 55 ლარად გაიყიდა.

კახნიაურის თქმით, აუქციონი გუშინ დამთავრდა, თუმცა გამარჯვებული კომპანიის მონაცემები მისთვის ჯერ ცნობილი  არაა.

„დღეს დავუკავშირდი აღმასრულებელს,  მან მითხრა,  რომ ჯერ-ჯერობით  მისთვისაც უცნობია გამარჯვებულის ვინაობა და როგორც კი,  გაიგებს დამიკავშირდება და ამის შესახებ, მაცნობებს. ალბათ, დღის ბოლომდე  გავარკვევთ“, - განაცხადა კახნიაურმა.

მისივე თქმით, ჯერ-ჯერობით, თანხის სრულად დაფარვამდე,  ეს პირობით გამარჯვებული ფირმაა.

„შეიძლება მოხდეს ისე,  რომ მან საფასური არ გადაიხადოს და ეს ქონება ან სახელმწიფოს დარჩეს ან განმეორებითი აუქციონი დაინიშნოს. თანხის სრულად დაფარვამდე მას 10 დღის ვადა აქვს მიცემული. ვნახოთ რა მოხდება“, - განაცხადა კახნიაურმა.

როგორც აღსრულების ბიუროში აცხადებენ, შპს „ბურჯის“ ქონებაზე დაინტერესება დიდი იყო და ინტერნეტ-აუქციონის მეშვეობით ქონების შესასყიდად რამდენიმე მომხმარებელი ვაჭრობდა.

შპს „ბურჯი“ აუდიტის სამსახურის ოქმის საფუძველზე, კოალიცია „ქართული ოცნებისთვის“ შეღავათიანად ავტომობილების მიქირავებისათვის, ასევე, კოალიციის ოფისებით შეღავათიან ფასებში გარემონტებისათვის 10 მილიონამდე ლარით დააჯარიმეს. კომპანიამ ჯარიმის თანხა არ გადაიხადა, რის შემდეგაც ქონება დაყადაღდა და აუქციონზე გავიდა.