„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ „ქდმ“- ს მიერ,  ჩატარებულ ღონისძიებაზე შესაბამის რეაგირებას მოითხოვს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ „ქდმ“- ს მიერ, ჩატარებულ ღონისძიებაზე შესაბამის რეაგირებას მოითხოვს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“  პოლიტიკური გაერთიანება „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“  მიერ, გურჯაანში ერთ-ერთ საარჩევნო ღონისძიებაზე ამომრჩეველთათვის სუფრით გამასპინძლებაზე,   სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და საქართველოს პროკურატურას მიმართავს და  აღნიშნული ფაქტის დროულ  გამოძიებას  მოითხოვენ.

არასამთავრობო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ  ასეთი ქმედება შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორც ამომრჩევლის მოსყიდვა  და  საფუძვლიან გამოძიებას საჭიროებს.

„პარტიის ლიდერები უარყოფენ ღონისძიების დაფინანსებას და აცხადებენ, რომ სუფრა (ღვინო, ხორცი, კიტრი, პომიდორი, პური) ამომრჩევლების თანხით გაიშალა და პარტიამ მხოლოდ ორგანიზება გაუწია, თუმცა იქ მყოფი ბევრი ადამიანი ამბობს, რომ თავად არაფერი გადაუხდია და პარტიამ დაპატიჟა. ვიდეომასალიდან ჩანს, რომ აღნიშნული ღონისძიება დამსწრეთა მხრიდან აღიქმება, როგორც  „ქრისტიან-დემოკრატების“  მიერ გამასპინძლება. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, პარტიას ეკრძალება კანდიდატის, წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით, პირდაპირ ან არაპირდაპირ, საქართველოს მოქალაქისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ან არამატერიალურ ფასეულობათა გადაცემა. ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 1641 მუხლით კი, საარჩევნო მიზნით პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის ან სხვა ქონების გადაცემა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, სახეზე იყოს სისხლის სამართლის დანაშაული“, - აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“.

მათივე თქმით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქმედების განმახორციელებელი პირი წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული პოლიტიკური გაერთიანებაა, რის გამოც, საარჩევნო მიზნის არსებობა ეჭვგარეშეა.