მედიასაშუალებების წარმომადგენლების წერილი პრეზიდენტს

მედიასაშუალებების წარმომადგენლების წერილი პრეზიდენტს

მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა ტელეკომპანია „მაესტროს“  სატელიტური ანტენების დაყადაღებასთან დაკავშირებით,  საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს  წერილით მიმართეს.  

წერილის ტექსტს  from.ge უცვლელად გთავაზობთ.

„2012 წლის 25 ივლისს პარლამენტის წინ გაიმართა ტელეკომპანია „მაესტროს“  მხარდამჭერი აქცია. აქციის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა გააპროტესტეს საქართველოს პროკურატურის გადაწყვეტილება, რის შედეგადაც დაყადაღდა „მაესტროს“ კუთვნილი 30 ათასი სატელიტური თეფში, რომლის მფლობელი საქართველოს მოსახლეობა უნდა გამხდარიყო. აქცია სატელიტურ თეფშზე ხელის მოწერით დასრულდა. სწორედ ეს სატელიტური თეფში გვინდა გადმოგცეთ თქვენ და დავძინოთ, რომ ამ სიმბოლური აქტით გამოვხატავთ პროტესტს იმ უკანონობის წინააღმდეგ, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ მიმართ ხორციელდება.

მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე სატელიტური ანტენების დამონტაჟებით ხალხს საშუალება მიეცემოდა ციფრული ხარისხით უფასოდ მიეღო შვიდი ქართული არხი (აჭარის ტელევივიზია, ბათუმის „25-ე არხი“, „იმედი“, „რუსთავი 2“, „მეცხრე არხი“, „მაესტრო“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი). წამყვანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური არხების ამ ჩამონათვალში შედის ერთმანეთისგან და თავად „მაესტროსგან“ დიამეტრულად განსხვავებული პოზიციის მქონე ტელევიზიებიც.

ამ ანტენების დამონტაჟებით, ერთის მხრივ, „მაესტრო“  საკუთარი მაუწყებლობის გაფართოებაზე ზრუნავდა, რაც ყველა დამოუკიდებელი მედიასაშუალების უმთავრესი მიზანია, მეორეს მხრივ კი ასეთი აქცია საქართველოს მოსახლეობის ნაწილს განსხვავებული ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას მისცემდა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ინფორმირებული არჩევნის გასაკეთებლად.

ანტენების დაყადაღებით, რაც საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევით განხორციელდა, დაზარალდა არა მხოლოდ „მაესტროს“, არამედ მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებები სიტყვის თავისუფლების, ინფორმაციის გავრცელებისა და მიღების შესახებ.

ქვეყნის განვითარების ვექტორი უნდა იყოს დემოკრატია და არა დიქტატურა, სიტყვის თავისუფლება და არა მისი ჩახშობა, აზრის გამოხატვის შესაძლებლობა და არა აკრძალვა, ინფორმირებულობა და არა სიბნელე, თავისუფალი საზოგადოება და არა მორჩილი მოსახლეობა.

მოვითხოვთ სამართლიანობის აღდგენას, რაც უკანონოდ წართმეული სატელიტური ანტენების კანონიერი მფლობელისთვის დაბრუნებას გულისხმობს“, - ნათქვამია  წერილში.