ალექსეი ნავალნის  ათწლიანი პატიმრობა ემუქრება

ალექსეი ნავალნის ათწლიანი პატიმრობა ემუქრება

რუსეთის საგამომძიებლო კომიტეტი რუს ბლოგერს ერთ-ერთი სახელმწიფო კორპორაციიდან დიდ ოდენობით თანხების მითვისებას ედავება.  გამოძიების მიერ გავრცელებული ინფორმაციის  თანახმად,  ნავალნიმ მონაწილეობა მიიღო ხე-ტყის გადამამუშავებელი კომპანიის მაქინაციურ სქემაში, როდესაც ის 2009 წელს ადგილობრივი გუბერნატორის თანაშემწედ მუშაობდა.

“ ნავალნიმ, რომელიც კიროვის ოლქის გუბერნატორის თანაშემწედ მუშაობდა, დაარწმუნა კომპანია „კიროვლესი“, რომ მიეღო ისეთი გადაწყვეტილება, რამაც კომპანია აზარალა“,- ნათქვამია საგამოძიებო კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 ამ სქემის საშუალებით სახელმწიფომ 500 ათასი დოლარი იზარალა.  გამოძიების დასრულებამდე  ნავალნის რუსეთის დატოვება აეკრძალა. ხელისუფლებამ მას მოსკოვიდან  გაუსვლელობის ხელწერილი ჩამოართვა.

 თავად ოპოზიციონერი ამ ბრალდებას უარყოფს.  თუმცა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში რუსეთის  აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორს, ცნობილ ბლოგერს,  ათწლიანი პატიმრობა ემუქრება.