გურამ საღარაძე: სპორტსმენს გული არ უნდა დაწყვიტონ

გურამ საღარაძე: სპორტსმენს გული არ უნდა დაწყვიტონ

 

20 წლის ქართველი ძიუდოსიტი ლაშა შავდათუაშვილი ჯერჯერობით პირველია ქართველ სპორტსმენებს შორის ვინც ლონდონის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა.

 ქართველმა ძიუდოისტმა 66 კგ წონითი კატეგორიის ფინალურ ორთაბრძოლაში, 31 წლის უნგრელი სპორსტმენი მიკლოშ უნგვარი დაამარცხა, ნახევარფინალში ქართველმა ოლიმპიელმა იაპონელ სპორტსმენს მასაში ებინუმს სძლია.

ერთი კვირის განმავლობაში ქართული ტელეარხებიდან და მედიასაშუალებებიდან გვესმოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სპორტსმენებს, რომლებიც ლონდონის ოლიმპიადის ოქროს მედალს მოიპოვებდნენ საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო 1 200 000 ლარით დააჯილდოვებდა.

  ოლიმპიური ჩემპიონისთვის საქართველო მსოფლიოში ყველაზე მაღალ ჯილდოს 1 200 000 დოლარს აწესებს

წლევანდელი ოლიმპიური ჩემპიონატზე საქართველო მსოფლიოში ყველაზე მაღალ ჯილდოს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაცია  რადიო "თავისუფლების" ევროპის ბიურომ გაავრცელა. რომელიც მედლების მიხედვით ოლიმპიური პრემიების საერთაშორისო რეიტინგს იკვლევს.

ოქროს მედალის მფლობელებისთვის განკუთვნილი 1 200 000 აშშ დოლარით რეიტინგს საქართველო ლიდერობს. ვერცხლის მედალზე საქართველოს გრაფაში 30 000 დოლარია გაწერილი, ხოლო ბრინჯაოზე - 20 000. 

აღნიშნულ რეიტინგში საქართველოს აზერბაიჯანი მოყვება, რომელსაც ოქროს მედალოსნებისთვის ჯილდოდ 510 000 აშშ დოლარი გამოყო. ვერცხლის მედალოსანზე – 225 000 აშშ დოლარი, ბრინჯაოს მედალოსანზე კი 128 000 დოლარი იქნა გამოყოფილი. 

აღსანიშნავია, რომ იმ ქვეყნებს შორის, რომელთა დაწესებული პრემიებიც რეიტინგში მოხვდა, საქართველოსა და აზერბაიჯანის გარდა ოქროს მედალზე არც ერთს 250 000 დოლარზე მეტი არ აქვს დაწესებული. 

შედარებისთვის - ამერიკელი ოლიმპიური ჩემპიონი 25 000 დოლარს მიიღებს, რუსეთს დაწესებული აქვს 125 000 დოლარი, იტალიას - 172 200, უკრაინას - 100 000, ბელორუსს - 150 000, გერმანიას კი - 18 300 აშშ დოლარი. 

ეკონომიკის ექსპერტი, დემურ გიორხელიძე  ოლიმპიური ჩემპიონისთვის საქართველოს მიერ მსოფლიოში ყველაზე მაღალი თანხის შემცველი ჯილდოს დაწესებას  From.ge-სთან საუბარში პოზიტიურად აფასებდა.

გიორხელიძის თქმით , ეს ნაბიჯი ნამდვილად არ არის ურიგო იმ მხრივ, რომ ამით სპორტსმენებს უდიდესი სტიმული მიეცემათ.

მისი თქმით, ისეთი პატარა ქვეყნისგან, როგორიც საქართველოა მსგავსი გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანია საკუთარი სახის, ასევე იმ დიდი პოტენციალის, ინტელექტის თუ  სპორტული ნიჭის წარმოჩენის თვალსაზრისით, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. 

„ოლიმპიური თამაშები მოგება არ არის მხოლოდ სპორტული მოვლენა. ეს უზარმაზარი მოვლენაა. ჩვენ ბევრი ჩემპიონი ვერ გვეყოლება, შეიძლება 3-5 გამარჯვებული გვყავდეს, მაგრამ ეს სამომავლოდ შეიძლება გახდეს სხვა ახალაგზრდებისთვის იმის მასტიმულირებელი მოვლენა, რომ სპორტის სახეს პროფესიულად მიუდგენ“, - აცხადებს გიორხელიძე.

2012 წლის 30 ივლისს კი, მას შემდეგ რაც ლაშა შავდათუაშვილმა ოლიმპიური ოქრო მოიპოვა, სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა. სადაც ოქროს მედალის მფლობელისთვის ასეთი კოლოსალური თანხის გადაცემა ქართულ მედიის ფანტაზიად მონათლა.

საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რამდენიმე მედიასაშუალებაში გასული ინფორმაცია 2012 წლის ლონდონის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე ქართველ სპორტსმენთა ფულადი ჯილდოების ოდენობის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს.

 „2012 წლის ოლიმპიადის ფინალურ ეტაპში გასული თითოეული ქართველი სპორტსმენისთვის სახელმწიფოს მიერ დაწესებული წამახალისებელი ფულადი ჯილდოს ოდენობა ცნობილი გახდება მხოლოდ და მხოლოდ ოლიმპიადის დასრულების შემდეგ“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებელ განცხადებაში. ამრიგად, ქართველი ოლიმპიელები ჯილდოს მიიღებენ, მაგრამ არა – 1, 2 მილიონს, როგორც თავდაპირველად აცხადებდა სპორტის სამინისტრო.

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, ტოკიოს  ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი, საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი გურამ საღარაძე From.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ნაჩქარევად გამოცხადაა ეს ამბავი, სპორტსმენებს კი გული არ უნდა დაწყვიტონ.

„ლაშა დათუაშვილი იმდენად ჭკვიანი და გონიერი ბიჭია, მიხვდება კიდევაც ამ ყველაფერს. სპორტსმენი თუ არის გონიერი, გარდა იმის, რომ სახელოვანი სპორტსმენია, არ უნდა მიაქციოს ყურადღება იმას, რამდენს შეპირდნენ, რამდენს აძლევენ, სპორტსმენი თავის ქვეყნისთვის აკეთებს ყველაფერს. ჩვენ რა გვქონდა საბჭოთა სპორტსმენებს, დაგვცინოდნენ, ისეთი ჰონორარი გვქონდა, თუნდაც ოლიმპიურიც.

ნაჩქარევი ამბავი იყო, ვინც ეს თავდაპირველად გამოაცხადა, რადგან ამან სპორტსმენის გამოსვლაზე შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს. ვფიქრობ, საწყენი აქ არაფერი არ არის. სპორტსმენს არ უნდა ამდენი შეძახილი, ის თავის საქმეს აკეთებს. მინდა, რომ ყველა ქვეყნის სპორტსმენები, განსაკუთრებით კი ჩვენი სპორტსმენები, ბედნიერნი იყვნენ. ეს ცოტა რთული საკითხია, დაიწერა კიდევაც, სპორტსმენს გული არ უნდა დაწყვიტონ“,-აცხადებს გურამ საღარაძე. 

ჯერჯერობით, ლონდონის ოლიმპიადაზე ერთადერთი ოქრო საქართველოდან 20 წლის მოჭიდავემ, ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა.