მადლიერი რაჭველები from.ge-ს დაუკავშირდნენ

მადლიერი რაჭველები from.ge-ს დაუკავშირდნენ

ამბროლაურის რაიონიდან, კერძოდ სოფელ ზნაკვიდან from.ge-ს ტელეფონით დაუკავშირდნენ და მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარების შესახებ აცნობეს - “ამ ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებენ და დამსახურებულადაც, მაგრამ როცა დადებითს აკეთებენ და თან ხალხისგან მიტოვებულ რაჭაში, ეს არ შეიძლება არ აღინიშნოს“.

საქმე იმაშია, რომ სოფელ ზნაკვამდე მისასვლელი გზა საშინელ მდგომარეობაში იყო. თბილისიდან და საქართველოს სხვა ქალაქებიდან მშობლიურ ზნაკვაში ჩასვლა რაჭველებს უჭირდათ, ზოგიერთი მათგანისთვის კი ამის გაკეთება საერთოდ შეუძლებელი იყო. 

“თბილისიდან რაჭაში ათი დღის წინ წავედით. გზა იმდენად საშინელ მდგომარეობაში იყო, რომ მაგალითად, 7-კილომეტრიანი მონაკვეთის გავლას 45 წუთი მოვუნდით. ამ გზაზე გავლა ორხიდიანი მანქანების გარდა სხვას არ შეეძლო, ნიაღვრებისგან ისეთი ღრმულები იყო გაჩენილი. ზნაკვაში ძლივს ჩავაღწიეთ. სოფლის გამგებელს გამოვართვი ამბროლაურის გამგეობაში შესაბამისი თანამდებობის პირის ტელეფონი - სამშენებლო დარგში გამგებლის მოადგილეს, ალეკო ქურციკიძეს დავუკავშირდი, მდგომარეობა ავუხსენი.

ზნაკვამდე მისვლა სოფელ ნიკორწმინდიდანაც ურთულესი იყო და ამბროლაურის რაიონის მხრიდანაც. მითხრა რომ გეგმაში აქვთ გზის კაპიტალური შეკეთება, თავის სანიაღვრეებიანად, მაგრამ წელს ვერ მოესწრება და რადგან რთული სიტუაციაა, ახლა მოვხრეშავთ და მოვასწორებთ, რომ მანქანებმა უპრებლემოდ მოძრაობა შეძლონო. ალეკო ქურციკიძემ დანაპირები შეასრულა, რისთვისაც ზნაკველების სახელით მადლიერებას გამოვხატავ - ახლა ზნაკვამდე ჩამოსვლა უპრობლემოდაა შესაძლებელი, გზის დაახლოებით 15-კილომეტრიან მონაკვეთზე ხრეში დაყარეს და მოასწორეს“, - უთხრა from.ge-ს ანა მიქაუტაძემ.