ზურაბ ხარატიშვილი: ცესკო არჩევნებზე სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის სიებს გამოიყენებს

ზურაბ ხარატიშვილი: ცესკო არჩევნებზე სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის სიებს გამოიყენებს

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი  ამომრჩეველთა სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის მუშაობას დადებითად აფასებს და  აცხადებს, რომ არჩევნების დღეს საარჩევნო მაგიდებზე მხოლოდ სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის მიერ,  ცესკოს - თვის გადაცემული ამომრჩეველთა სია იქნება.

ხარატიშვილის თქმით, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისა და ამომრჩეველთა მხრიდან საარჩევნო პროცესისადმი ნდობის მხრივ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

„ვფიქრობ, ასეთივე წარმატებით გაგრძელდება სიებზე მუშაობა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ,  რომ არჩევნების დღეს,  სამაგიდო სიად იქნება ის სია, რომელიც  ცესკო-ს სიების დაზუსტების კომისიიდან გადმოეცემა იმ მცირე ცვლილებების გათვალისწინებით,  რომელიც მათივე თანხმობით განხორციელდება“, - განაცხადა  ხარატიშვილმა.

დღეს,  ამომრჩეველთა სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიამ მუშაობის შედეგების პრეზენტაცია  გამართა. როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, სრული სახით სია 15 სექტემბერს იქნება წარმოდგენილი. გარდა ამისა, საარჩევნო სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიამ კარდაკარის პრინციპით 3 483 142 ამომრჩეველი შეამოწმა. როგორც კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, კარდაკარის პრინციპით შემოწმებისას გარდაცვლილი აღმოჩნდა 25 949 ამომრჩეველი, საზღვარგარეთ იმყოფება 291 871 ამომრჩეველი, რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილია 132 156, შიდა მიგრაციაშია 649 839, ხოლო კონტაქტი ვერ დამყარდა 183 621 ამომრჩეველთან.