ლევან ვეფხვაძე: „ამომრჩველთა ლიგამ“ სიების გადამოწმების პროცესში, თავი სასაცილო მდგომარეობაში ჩაიყენა

ლევან ვეფხვაძე: „ამომრჩველთა ლიგამ“ სიების გადამოწმების პროცესში, თავი სასაცილო მდგომარეობაში ჩაიყენა

"ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს,  რომ საზოგადოებრივმა მოძრაობა „ამომრჩველთა ლიგამ“ სიების გადამოწმების პროცესში, თავი სასაცილო მდგომარეობაში ჩაიყენა.

„ამომრჩეველთა ლიგამ  ფული ივანიშვილს გამოართვა და ახლა სურთ,  ამ ფულის ხარჯვა გაამართლოს. მათ  იგივე საარჩევნო სია აიღეს,  რაც ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ აიღო და იგივე სია გადაამოწმეს. ანუ ფაქტიურად,  მათ  ივანიშვილისთვის გამორთმეული ფულის ხარჯვა გაამართლეს და  ამ პროცესის ტორპედირება დაიწყეს“, - განაცხადა  ვეფხვაძემ.

მისივე თქმით, „ამომრჩეველთა ლიგამ“  ფუნდამენტური შეცდომა დაუშვა,  რადგან ისინი ფაქტიურად,  ოპოზიციურ ამომრჩეველში დაბნეულობას იწვევენ.

რაც შეეხება,  საარჩევნო სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის  მიერ,   „კარდაკარ“  შედეგად გამოვლენილ მონაცემებს,  ვეფხვაძეს მიაჩნია,  რომ  ამომრჩეველთა სიებში რიცხვები დამაფიქრებელია,  რადგან სამი მილიონ ნახევარი ამომრჩევლიდან,  მხოლოდ  ორ მილიონ ორასი ათასი ადამიანის იდენტიფიცირება მოხდა.  ხოლო,  ორასი ათასი ადამიანის იდენტიფიცირება ვერ ხდება. სამასი ათასამდე ადამიანი კი,  უცხოეთშია.

საარჩევნო სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის „კარდაკარის“ შედეგების პრეზენტაცია სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“  გაიმართა,  რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე, პოლიტიკური პარტიების ლიდერები,  არასამთავრობო ორგანიზაციების  წარმომადგენლები და უცხოელი  დიპლომატები დაესწრნენ.