„ქართუ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭომ დროებითი მმართველობისას სესხის გაცემის გადაწყვეტილებები გააბათილა

„ქართუ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭომ დროებითი მმართველობისას სესხის გაცემის გადაწყვეტილებები გააბათილა

„ქართუ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭომ იძულებითი მმართველობის დროს,  გაცემული ყველა სესხი ბათილად ცნო. როგორც  „ქართუ ბანკის“ იურისტმა მზია თოდუამ from.ge -სთან საუბარში განმარტა, ეს  ნიშნავს,  რომ ბანკი ხელშეკრულებებიდან წარმოშობილ ვალდებულებებს  არ აღიარებს (ვალდებულებები ჯერ არც წარმოშობილა)  და ეს  სამეთვალყურეო საბჭომ დააფიქსირა.

თოდუას თქმით, სამეთვალყურეო საბჭო  კანონის საფუძველზე მოქმედებს,  ესაა ზედამხედველობითი ორგანო  და დადებული გარიგებების შემოწმების  უფლება აქვს.

მისი თქმით, სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დროებითი მმართველობის დროს,  ბანკის მიერ 50 მლნ ლარამდე სესხის გაცემის გადაწყვეტილება და გარიგებები ბანკისთვის ზიანის მომტანი იყო და შესაბამისად, ეს გადაწყვეტილებები გაბათილებულია.

„ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მიიღო გადაწყვეტილება ბათილად გამოაცხადოს ყველა გარიგება, რომელიც დაიდო ბანკის დროებითი მმართველობის პერიოდში, საუბარია გარიგებებზე, რომლებიც ზიანის მომტანია ბანკისთვის, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათი შესრულების შემთხვევაში, ბანკი შეიძლება ლიკვიდობის საფრთხის წინაშე დადგეს“, -  განაცხადა თოდუამ.

შეკითხვის პასუხად, თუ რა იურიდიული ძალა აქვს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, თოდუა განმარტავს, რომ კანონის მიხედვით,  თუ ვიმსჯელებთ, როცა  სამეთვალყურეო საბჭო იღებს გადაწყვეტილება და  უარს აცხადებს გარიგებების ოდენობაზე, ამისთვის განცხადებაც საკმარისია.

„ხოლო თუ მეორე მხარე დაობს, რომ   არასწორია, მაშინ მან უნდა დაამტკიცოს,  იდაოს სამართლებრივი საშუალებებით,  რომ სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება უსწოროა“, - განაცხადა თოდუამ.

შეგახსენებთ, „ქართუ ჯგუფსა“ და „ქართუ ბანკში“ დროებითი მმართველობა 26 ივლისს შეწყდა. მას შემდეგ, რაც კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დაკისრებული ჯარიმა გადაიხადა, საქალაქო სასამართლომ მის მიერ დანიშნულ იძულებით მმართველს ვლადიმერ უგულავას „ქართუ ჯგუფსა“  და „პროგრეს ბანკში“ უფლებამოსილება შეუჩერა.