ლევან კალანდაძე: სახელმწიფო არ იხდის ბოდიშს, რომ 5 წლამდე ბავშვებს და 65 წლის ქალბატონებს მშობიარობას უფინანსებს

ლევან კალანდაძე: სახელმწიფო არ იხდის ბოდიშს, რომ 5 წლამდე ბავშვებს და 65 წლის ქალბატონებს მშობიარობას უფინანსებს

ხელისუფლების ახალმა სადაზღვევო პაკეტმა - „შეღავათიანი" მშობიარობა 0-დან 5 წლამდე ბავშვებისათვის და 65 წელს გადაცილებული პენსიონერი ქალბატონებისათვის, საზოგადოებას არა მარტო ღიმილი მოჰგვარა, არამედ აღაშფოთა კიდეც, რადგან ჩათვალეს, რომ ეს იყო დაცინვა სახელმწიფოს მხრიდან. რა იყო ეს უზუსტობა, ტექნიკური შეცდომა თუ მართლაც დაცინვა? „ახალი მემარჯვენეების“  წევრი ლევან კალანდაძე From.ge-სთან საუბარში მიიჩნევს, რომ ეს იყო შეცდომაც, ტექნიკური უზუსტობაც, უყურადღებოდაც და გულგრილობაც, რადგან ხელისუფლებამ Copy Paste-ით მოახდინა ძველი პროგრამიდან ახალ პროგრამაში აღნიშნული ჩანაწერის ჩადება.  

„ხელისუფლებამ სერიოზული შეცდომა დაუშვა, ამ შემთხვევაში ხელისუფლების ინტერესს წარმოადგენდა, რომ რაც შეიძლება ბევრი სამედიცინო მანიპულაციები ყოფილიყო ჩამონათვლაში და უბრალოდ გულგრილობა გამოიჩინა. წარმოიდგინეთ მშობელი, რომლის 0-5 წლამდე შვილს მშობიარობის ხარჯების 80%-იან დაფინანსებას ჰპირდება ხელისუფლება, ან 65 წელს გადაცილებული ქალბატონები, რომელთა მშობიარობასაც, სახელმწიფო პირობას იძლევა, რომ 90%-ით დააფინანსებს“,-აცხადებს კალანდაძე.

„ახალი მემარჯვენეების“ წევრის განმარტებით, იმის მაგივრად, რომ სახელმწიფოს ეღიარებინა, რომ ტექნიკური უზუსტობა გაეპარათ, ჯანდაცვის სტრუქტურების წარმომადგენლები შეეცადნენ „მილიონი“ მიზეზი ეპოვათ, ამ შეცდომის გასამართლებად.

„ეს რომ მხოლოდ ტექნიკური შეცდომა ყოფილიყო, მაშინ ყველგან ერთნაირი ციფრი იქნებოდა. მაგრამ 0-5 წლამდე ასაკის ბავშვებში თანადაფინანსების მაჩვენებელი 80%-ია, 65 წლის ზემოთ ქალაბატონებისთვის კი 90%-ი. ეს არაკვალიფიციურობის მაჩვენებელია. ამაზე ხელისუფლებამ და მთავრობამ შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს პირების მიმართ, ვისაც პასუხისმგებლობა გააჩნია საზოგადოებისთვის სრულფასოვანი პროდუქტის მიწოდებაზე. რათა ერთხელ და სამუდამუდამოდ დამთავრდეს სახელმწიფოში ადამიანებისადმი და სოციალური ჯგუფებისადმი ასეთი ზერელე და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება“,-განმარტავს კალანდაძე.

ლევან კალანდაძის აზრით, საქართველოს ხელისუფლებას შეცდომების აღიარება არ სჩვევია და მან რვა წლის მანძილზე ვერ ისწავლა ბოდიშის მოხდა. კალანდაძე თვლის, რომ მარტო ეს ეს არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხარვეზი.

„ბოდიშის მოხდა ღირსების საქმეა და ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან ეს მის მაღალ ზნეობას უსმევს ხაზს.  როდესაც ხელისუფლება ბოდიშის იხდის, ეს ნიშნავს, რომ ის აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და იღებს ვალდებულებას ამ შეცდომის გამოსწორების. ჩვენს ხელისუფლებას კი ბოდიშის მოხდა არ უყვარს. აქ საქმე იმაში კი არ არის, წაშლიან თუ დატოვებენ პოლისში დაშვებულ ამ შეცდომას, აქ საქმე გვაქვს სახელმწიფოს დამოკიდებულებასთან და იმ გულგრილობასთან, რომელსაც სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების მიმართ ჩადის“,-აცხადებს კალანდაძე.