"ახალი მემარჯვენეები" გარდაბნის რაიონის სოფელ მუხროვანის მოსახლეობას შეხვდნენ

 "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია და საპარლამენტო არჩევნებში პარტიის გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოსო ივანაური დღეს გარდაბნის რაიონის სოფელ მუხროვანის მოსახლეობას შეხვდნენ.

" გარდაბნის რაიონის ეს ერთი სოფელი ზოგადად სოფლის მიმართ დღევანდელი ხელისუფლების დამოკიდებულების ნათელი მაგალითია: სოფელს არ აქვს წყალი, გაზი, გზა, ბაღი,  სკოლა ისეთ მძიმე მდგომარეობაშია, რომ მშობლებს ურჩევნიათ ბავშვები რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ სოფელში ატარონ"- განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.

მისი თქმით პარტიის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი სოფელი და სოფლის მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაა.

"ამ სოფლის მაგალითზე ისიც ვნახეთ, როგორ გაჩანაგდა ის მცირე საწარმოები, რომლებიც ადრე ყველა სოფელში იყო და მოსახლეობის დასაქმებას უზრუნველყოფდა. აქაც მხოლოდ ნანგრევებია დარჩენილი ასეთი საწარმოებიდან. არადა ამ საწარმოებში  სოფლის მოსახლეობა იყო დასაქმებული და მათი მიერ წარმოებული პროდუქციის  რეალიზაციასაც ემსახურებოდა. ამიტომ, "ახალი მემარჯვენეების" მიერ პარლამენტში შეტანილი პირველივე კანონპროექტი სწორედ სოფლის შესახებ კანონი  იქნება, რომელიც საკანონმდებლო დონეზე მოაგვარებს სოფლების წინაშე მდგარ პრობლემებს", - განაცხადა "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა.