„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი, საქართველოში მათი პარტიის დევნის შეწყვეტის მიზნით გაეროს მიმართავს.
ნათელაშვილის განცხადებით, ივლისში შესრულდა ოთხი წელი, მას შემდეგ რაც სტრასბურგში ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ გამოიტანა უპრეცედენტო გადაწყვეტილება საქართველოს “ლეიბორისტული პარტიის” საარჩევნო გაყალბების მსხვერპლად აღიარების შესახებ.
„მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ ქვეყნისა და მსოფლიოს გასაგონად, რომ დევნა ჩვენს წინააღმდეგ ხორციელდებოდა და ხორციელდება ამერიკის დირიჟორობით, შევარდნაძე-სააკაშვილის შესრულებით და კრიმინალ ივანიშვილის ფინანსებით. დღესაც, მოწინააღმდეგენი იგივენია. ამერიკას აღიზიანებს ჩვენი ბრძოლა არაკოლონიური თავისუფალი საქართველოსათვის, რათა ნატოს ომებში არ იღუპებოდნენ ჩვენი შვილები.
ჩვენ სასამართლოს ამ ისტორიული გადაწყვეტილების საფუძველზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ვიწყებთ ბრძოლის ახალ ეტაპს, რათა ამ უნივერსალურმა ორგანიზაციამ მაინც აღკვეთოს ჩვენი პარტიის ოცწლიანი დევნა ვაშინგტონის პოლიტიკური წრეების მხრიდან“,- აცხადებს ნათელაშვილი.