„ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ფრთამ  პროკურატურასთან კახი კალაძის ანგარიშების დაყადაღება გააპროტესტეს

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ფრთამ პროკურატურასთან კახი კალაძის ანგარიშების დაყადაღება გააპროტესტეს

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული მოძრაობის წევრებმა მთავარ პროკურატურასთან თეატრალიზირებული აქციით, კოალიციის წევრის, კახი კალაძის ანგარიშების დაყადაღება გააპროტესტეს.

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ფრთამ  აქციაზე კახი კალაძის პლაკატები გაშალეს და სიმბოლურად ფეხბურთი ითამაშეს. ისინი ანგარიშებზე ყადაღის მოხსნას მოითხოვენ.

„ქართული ოცნების“  ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის ცოტნე ზურაბიანის განცხადებით, ხელისუფლება თავისუფალ ადამიანებს უპირისპირდება.

„აბსოლუტურად ყველა მექანიზმს იყენებენ თავისუფალი ადამიანების საპირისპიროდ. ჩვენ ამ ფაქტს არ შევეგუებით და ბოლომდე ვიბრძოლებთ სამართლიანობის აღდგენისთვის და ხელისუფლების შიზოფრენიის წინააღმდეგ“,  - განაცხადა  ზურაბიანმა.

კოალიციის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლის შოთა ძაგნიძის განცხადებით, კახი კალაძე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფეხბურთელია და მისი თანხები არ შეიძლება საეჭვოდ მიიჩნიონ.

იმ შემთხვევაში,  თუ ახალგაზრდების მოთხოვნას რეაგირება არ მოჰყვება, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მსგავსი ტიპის აქციებს მომავალშიც გამართავენ.