„ქართული ოცნების“   „კარდაკარის“  მონაწილეების  „საქართველოს ბანკის“ მიერ, დაჯარიმებას აპროტესტებს

„ქართული ოცნების“ „კარდაკარის“ მონაწილეების „საქართველოს ბანკის“ მიერ, დაჯარიმებას აპროტესტებს

ლანჩხუთის რაიონში  „ქართული ოცნების“  პროგრამა „კარდაკარის“  მონაწილემ შოთა ფირცხალაიშვილმა „საქართველოს ბანკის“ ლანჩხუთის ფილიალის წინ მდუმარე აქცია დაიწყო.

ფირცხალაიშვილის თქმით, ის „საქართველოს ბანკთან“  აქციას მანამდე გააგრძელებს, ვიდრე ბანკის წარმომადგენლები არ აუხსნიან, თუ რატომ დააჯარიმეს 999 ათას 999 ლარით და რატომ არის მისი პირადი ანგარიშები დაყადაღებული.

შესაბამისი პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში, შოთა ფირცხალაიშვილი ხვალ შიმშილობის დაწყებას გეგმავს. ხვალ მას პროგრამა  „კარდაკარის“ 11 დაჯარიმებულიც შეუერთდება.

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლანჩხუთის საარჩევნო შტაბის წევრების განცხადებით, მათ და პროგრამა კარდაკარის 11 მონაწილეს 4 დღის წინ „საქართველოს ბანკში“ გახსნილი პირადი ანგარიშები დაუყადაღეს. თითოეულ მათგანს ბანკმა 999 ათას 999 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.  თუმცა „საქართველოს ბანკის“ განცხადებით, „ქართული ოცნების“ ლანჩხუთელი წევრების ანგარიშებს ყადაღა არ ადევს და არც რაიმე სახის დავალიანება ერიცხებათ.

როგორც   „საქართველოს ბანკის“  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი სოფო ბალავაძე აცხადებს,  დავალიანების მაჩვენებელი, რომელიც „ქართული ოცნების“  ლანჩხუთელ წევრებს ქვითარმა აჩვენა, ტექნიკური ხარვეზის შედეგია.

„ეს პირები წერილობით ითხოვდნენ მათ ანგარიშებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ახსნა-განმარტებას. ჩვენ წერილობითვე ვუპასუხეთ, რომ მათ ანგარიშებზე ყადაღა არ არის“, - განაცხადა სოფო ბალავაძემ.