საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლაშა შავდათუაშვილს და მთელ საქართველოს წარმატება მიულოცა. შესაბამისი მილოცვა პრეზიდენტის facebook -ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
„დღეს დაუვიწყარი დღეა მთელი საქართველოსთვის, განსაკუთრებით კი გორისთვის - 20 წლის გორელი ძიუდოისტი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია მასზე ბევრად გამოცდილ მეტოქეს, ირწმუნა საკუთარი თავის და ეროვნულ ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
ამ გამარჯვებას, უპირველესად, ვულოცავ ლაშას, შემდეგ კი ყველა გულშემატკივარს - მთელ საქართველოს. მადლობას ვუხდი ამ პატარა ბიჭს, რომ კიდევ ერთხელ დაანახა მთელ მსოფლიოს როგორი მებრძოლები იზრდებიან საქართველოში. მისი გამარჯვება სხვა არაფერია თუ არა სამშობლოს უზომო სიყვარული, თავდადება და პასუხისმგებლობის გრძნობა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ“, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მისალოც წერილში.
20 წლის ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ძიუდოისტთა შეჯიბრის ფინალში 31 წლის უნგრელი სპორტსმენი მიკლოშ უნგვარი დაამარცხა.