კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი კვირიკობის დღესასწაულს დაესწრო. „ქართული ოცნების“ ლიდერმა მხარდამჭერებთან ერთად სოფელ კალაში მდებარე ის ეკლესია მოილოცა, სადაც სვანები კვირიკობის დღესასწაულს ტრადიციულად აღნიშნავენ. ტაძარში მყოფმა უხუცესებმა კოალიციის ლიდერი დალოცეს.
ტაძრისკენ მსვლელობით მიმავალ „ქართული ოცნების“ ლიდერს წითელ მაისურებსა და კეპებში გამოწყობილი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები დახვდნენ. ბიძინა ივანიშვილი მათ გაესაუბრა და განსხავებული აზრის სწორი ფორმით გამოხატვა ურჩია.
აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებამ კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერ ბიძინა ივანიშვილსთვის მოსახლეობასთან შეხვედრაში ხელის შეშლას მესტიაში ცადა.
ქართული ოცნების პრესსამსახურის მიერ სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა მესტიის მოსახლეობასთან "ქართული ოცნების" რაიონული ორგანიზაციის ეზოში შედგა.
ბიძინა ივანიშვილმა სვანეთის მკვიდრთ კოალიციის გეგმები გააცნო და ხალხის მოსაზრებები მოისმინა.
"კოალიციის ლიდერთან შეხვედრის პარალელურად ხელისუფლებამ მესტიაში ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების სრული მობილიზაცია მოახდინა. 5 ნომრიან წითელ კეპებსა და მაისურებში გამოწყობილი ახალგაზრდები შტაბის მოპირდაპირე მხარეს განლაგდნენ და შეხვედრის ჩაშლას ცდილობდნენ. ახალგაზრდა ნაციონალები ბიძინა ივანიშვილის მიმართვის პარალელურად სკანდირებდნენ და უსტვენდნენ. მმართველი პარტიის აქტივისტების აღნიშნულ პროვოკაციულ საქციელს პატრულის თანამშრომლები ადევნებდნენ თვალს, თუმცა წესრიგის უზრუნველსაყოფად სამართალდამცავებმა არაფერი გააკეთეს", - ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.