კახა კალაძე: სააკაშვილი  კრიმინალთან  ბრძოლაში,  თვითონ  ჩამოყალიბდა კრიმინალად

კახა კალაძე: სააკაშვილი კრიმინალთან ბრძოლაში, თვითონ ჩამოყალიბდა კრიმინალად

ხელისუფლების  მორიგი შეტევა პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“  ერთ - ერთი ლიდერის, კახა კალაძის მიმართ განხორციელდა. ყოფილ ფეხბურთელს  უკანონო თანხების ლეგალიზების მოტივით,  საქართველოში არსებული საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს. კალაძე მომხდარს პოლიტიკურ დევნად აფასებს და აღნიშნავს, რომ არ იცის, რა აქვს მხედველობაში სასამართლოს უკანონო შემოსავლებში. ის ჩვენთან საუბარში თავის შემოსავლების წყაროს განმარტავს და დარწმუნებით აცხადებს, რომ ყველაფრის მიუხედავად, „ქართული ოცნება“  ოქტომბერში  გაიმარჯვებს.

-რას გულისხმობს სასამართლო უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში, რატომ გადაემტერა ხელისუფლება  ერთ დროს,  მათთან დაახლოებულ პირს, რას ითხოვს ხელისუფლებისგან და როგორია მისი პირობა from.ge „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს კახა კალაძეს ესაუბრა.

კახა კალაძე: არ ვიცი, საიდან მოიტანეს უკანონო თანხები. ყველამ იცის, რომ ოფიციალურად  მილიონერი ვარ.  წლების განმავლობაში,  ევროპაში მაღალანაზღაურებად  ფეხბურთელად ვითვლებოდი.  არსებობს  ფაქტები და კონტრაქტები, თუ რა შემოსავალი მქონდა. ჩემი შემოსავლების წყაროს შესახებ,  ხელისუფლებამაც ძალიან კარგად იცის, მაგრამ ეს  მიზანმიმართული პოლიტიკური დევნაა. მე არ ვარ პირველი ადამიანი და  ეს არაა პირველი შემთხვევა  ვის პირად ანგარიშებსაც ყადაღა დაადეს. მსგავსი ქმედებები „ქართული ოცნების“  აქტივისტებზე და ჩვენი გუნდის წარმომადგენლებზე ინტენსიურად ხორციელდება. მშიშარა სააკაშვილი ისეთ მდგომარეობაშია, უკვე თვითონაც არ იცის რას აკეთებს. ჩვენს ქვეყანაში ხომ   სამართალი საერთოდ  არ არსებობს.  ყველაფერი ერთ ადამიანზეა მორგებული და ყოველდღიურ ცხოვრებაში ამის მომსწრენიც ვხდებით.

-რამდენიმე  თვის წინ,  იტალიაში გაყიდულ მატჩებთან თქვენი კავშირის შესახებაც  გაჟღერდა,  ახლა უკანონო შემოსავლებზე მიგითითებენ... მათ შორის რაიმე კავშირი ხომ არ არსებობს?

-არა,  არანაირი. საერთოდ, ჩაწყობილ თამაშებთან არასოდეს არანაირი კავშირი არ მქონია.  ამის შესახებ, მაშინვე გავაკეთე განცხადება,  როდესაც ეს თემა სააკაშვილის ჯიბის ტელევიზიებმა წამოწიეს და რაღაცების შეთითხნა დაიწყეს. განმარტებაც გავაკეთე და  ვთქვი, რომ თუ საჭიროება მოითხოვდა მზად ვიყავი,  ნებისმიერ დროს წავსულიყავი იტალიაში და ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გამეცა. ახლაც შემიძლია ვითანამშრომლო სასამართლოსთან.  ეს ჩემთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. თავდაჯერებით ვამბობ, რომ სუფთა წარსულის ადამიანი ვარ, სუფთად მაქვს ნაცხოვრები და მომავალშიც  ასე ვაპირებ ცხოვრებას.

-გამოდის, რომ ხელისუფლება გადაგემტერა?

-ხელისუფლება ჩემს მიმართ,   შავი პიარის აგორებას ცდილობს. მათდა საუბედუროდ,  ჩემს გარშემო ვერანაირი კომპრომატი და ხელჩასაჭიდი ვერ მონახეს, რომ ჩემი გაშავების მიზნით გამოიყენონ.  ერთადერთი,  რაც აქვთ და რასაც გამუდმებით გაიძახიან,   ორი ავტოგოლია,  რომლებზედაც  ბოდიში რამდენჯერმე მოვიხადე.  ჩვენს  ხელისუფლებას, მშიშარა სააკაშვილს   თავის ავტოგოლებზე,  დაკარგულ ტერიტორიებზე არანაირი განცხადება არ გაუკეთებია და ბოდიშიც არ მოუხდია.  მომსწრენი ვართ, თუ რა  სტიქიური უბედურება დაატყდა კახეთს, თუ როგორ დაზარალდა მოსახლეობა.  ჩვენი ე.წ. პრეზიდენტი კი, ამასაც პიარისთვის იყენებს.  მოსახლეობას რეალურად არაფერს უკეთებენ, მათ დასახმარებლად არანაირი რესურსი არ გააჩნიათ. გაფლანგული აქვთ შექმნილი ფონდები.  ჩვენ ხელისუფლებისგან არაფერი გვინდა, მხოლოდ,  მოგვცენ საშუალება და ყველა ამ დაზარალებულს მივხედავთ. ყველას აღვუდგენთ საცხოვრებელს და ნორმალურ პირობებში ცხოვრების საშუალებას მივცემთ. მაგრამ ამას არ გააკეთებენ, მათ  ბატონი ბიძინა ივანიშვილის და  ჩვენი გუნდის ეშინიათ. უბრალოდ,  ისეთი კანონები შემოიღეს,  ადამიანს ხელი, რომ გაუწოდო წამლით ან სხვა საშუალებით,  რომ დაეხმარო,  ამას  პოლიტიკურ მოსყიდვა დაარქვეს. ჩვენს ქვეყანაში  ქველმოქმედება კრიმინალი და არაკანონიერი გახდა.

-ანგარშები დაგიყადაღეს, ამბობთ, რომ  თქვენი მისამართით, შავი პიარის აგორებას ცდილობენ, როგორ ფიქრობთ, ანგარიშების დაყადაღება თქვენი  ქონების ჩამორთმევის საფუძველი ხომ არ გახდება?

-დაზღვეული არავინ არაფერშია. ჩვენს ქვეყანაში არსებულ უსამართლობას ყველანი კარგად ხედავს.  ვფიქრობ, აუცილებელია  დიპლომატიურმა კორპუსმა,  საელჩოებმა ხმა  ამოიღონ და  იმ არაკანონიერებაზე,  რასაც  ხელისუფლება სჩადის კომენტარი გააკეთონ.  ეს მათი მოვალეობაა. არ ვიცი,  ამათ თავში რა აქვთ, რას ფიქრობენ.  ალბათ, ოქტომბრამდე ჩვენს მიმართ, ზეწოლა იქნება.  ცხადია, არჩევნები რაც უფრო მოახლოვდა, კონტროლს კარგავენ. ძალიან კარგად იციან,  რომ საზოგადოების არანაირი მხარდაჭერა და გამარჯვების არანაირი რესურსი, არ გააჩნიათ.  ხალხი ოქტომბერში  ხელისუფლების ცვლილებისკენ მიისწრაფვის. გარწმუნებთ,  რომ „ქართული ოცნება“  ოქტომბერში გაიმარჯვებს  და ჩვენს ქვეყანას ბიძინა ივანიშვილის სახით,  ახალი პრემიერ - მინისტრი ეყოლება.

-ასეთი დარწმუნებული რატომ ხართ?

-დარწმუნების საფუძველს ის  განწყობა მაძლევს, რაც  მოსახლეობაშია.  ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან ბევრ რაიონში ვიყავი, ძალიან ბევრი სოფელი ფეხით მოვიარე და აღვნიშნავ, რომ ჩვენი გუნდის და ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ ნდობა საოცრად  მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი თავის აფიშრებას არასოდეს აკეთებდა, მის მიერ განხორციელებული კეთილი საქმეების შესახებ, ყველამ კარგად იცის.  დღეს, ჩვენი ხელისუფლება  პოლიციითა და ჯარით თავს რომ იწონებს, ეს ყველაფერი ვინ გააკეთა? ეს ყველაფერი ამ ადამიანის დაფინანსებითა და ძალისხმევითაა  გაკეთებული.  აღარ აფინანსებთ ივანიშვილი და ყველამ ვნახეთ როგორ გაუჭირდათ. ქუთაისში პარლამენტის მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს ხელფასებს არ აძლევენ,  პატრულის  მანქანებს დღე - ღამის განმავლობაში, 30 ლიტრი საწვავი ჰქონდათ, ახლა 15 ლიტრზე ჩამოიყვანეს. ალბათ,  მალე, საერთოდ  ვეღარ იმოძრავებენ. მოსახლეობას ცხოვრება  უსამართლობასა და  გაჭირვებაში უწევს.  მოსახლეობასთან შეხვედრებს ინტენსიურად ვაწარმოებთ.  ეს კიდევ უფრო მასშტაბური გახდება, რათა  ადამიანებმა ჩვენი თანადგომა იგრძნონ, იგრძნონ, რომ  მათ ჰყავთ ზურგი „ქართული ოცნების“ სახით. 

-„ქართული ოცნებისადმი“ დადებითი განწყობის მიუხედავად, მოსახლეობაში  შიშიცაა. თქვენი დამარცხების მიზეზი ეს ხომ არ გახდება? საუბრობთ ასევე ქვეყანაში არსებულ უკანონობებზე,   სამართლიანი არჩევნების ჩატარების იმედი გაქვთ?

-მოსახლეობაში ჩვენს მიმართ დადებითი მუხტია, მაგრამ მინდა ის დაშინებები და რეპრესიები აღვნიშნო, რომელიც მათი მისამართით ხორციელდება. ამას  ადგილობრივი სოფლის რწმუნებულები,  გამგებლები მათი ნათესავები ახორციელებს. ფაქტიურად, ამ საქმიანობაში  მთელი ოჯახებია ჩართული, მაგრამ მოსახლეობას ჩვენი  მხარდაჭერა ექნება. ხელისუფლებას ძალიან დიდი მცდელობა აქვს  არჩევნები  გააყალბოს. ჩვენ  არანაირ გაყალბებას არ დავუშვებთ,  ჩვენი მოქალაქეების თითოეულ ხმას დავიცავთ. არცერთ ადამიანს გაჭირვებაში  არ მივატოვებთ.  ბოლომდე ვიბრძოლებთ გამარჯვებისათვის.

-რამდენიმე თვის წინ, თბილისში მომხდარი სტიქიის მიუხედავად, ქვეყნის პრეზიდენტი მილანში „შოპინგობდა“, დღეს კახეთს მომხდარი სტიქიის შედეგად, ინტენსიურად სტუმრობს და ზარალით შეშფოთებულია. როგორ ფიქრობთ, რამ შეცვალა სააკაშვილი სტიქიიდან სტიქიამდე?

-არჩევნებმა. არჩევნები მოახლოვდა და ამ ყოველივეს საკუთარი ინტერესებისთვის  იყენებს. მას სულ არ აინტერესებს,  ვის რა დაუზიანდა და რა ოდენობის ზარალი მიადგა ამ რეგიონებს. ბატონმა ბიძინამ დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად,  ბიუჯეტში 90 მილიონის გადარიცხვით  ძალიან დიდი საქმე გააკეთა.   მოგვცენ საშუალება და ამ რეგიონს ჩვენ მივხედავთ.

-კონკრეტულად, რას ითხოვთ რა საშუალებას?

-დაგვრთონ ნება და არ ჩაგვითვალონ მოსყიდვაში. ჩვენ მივხედავთ ამ რეგიონს და  100 მილიონი იქნება საჭირო, თუ  200 მილიონი ჩვენ ვუზრუნველყოფთ.

- კახი, ერთ დროს ძალიან ახლოს იყავით პრეზიდენტ სააკაშვილთან. ახლა მას  ბრალდებებს უყენებთ და  სხვადასხვა უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებთ. რამ გამოიწვია თქვენი დაპირისპირება,  რა შეიცვალა ?

- მე, როდესაც  „ნაციონალურ მოძრაობას“  მხარს ვუჭერდი, მრავალთაგან ის  ერთ -ერთი  ადამიანი ვიყავი,  ვისაც  ცვლილებები სურდა და შევარდნაძის რეჟიმის შემდეგ, ცვლილებები  მნიშვნელოვანიც იყო.  მოვიდა ახალგაზრდა ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდი და ყველას გვქონდა იმედი,  რომ ქვეყნის დემოკრატიული მშენებლობა დაიწყებოდა. თავდაპირველად, მინდა გითხრათ,  საინტერესო რეფორმებიც გატარდა, თუნდაც პოლიციის, კრიმინალთან ბრძოლის რეფორმა,  მაგრამ  დროთა განმავლობაში, სააკაშვილი  კრიმინალთან  ბრძოლაში თვითონ  ჩამოყალიბდა კრიმინალად, ქურდულ სამყაროსთან  ბრძოლაში თვითონ გახდნენ ქურდები.

მე ყოველთვის ვცდილობდი და ხელისუფლების მიერ განხორციელებულ, როგორც დადებითზე ისე  უარყოფითზე ჩემს აზრს ვაფიქსირებდი. ალბათ,  ზუსტად ამ ცუდის საუბარი არ მოეწონა ხელისუფლებას და ჩვენი დაპირისპირებაც აქედან დაიწყო. დაიწყო ჩემი მისამართით ცუდი სიუჟეტების მომზადება და ასევე,  პრესაში გავრცელება. მეც  უპასუხოდ არაფერს ვტოვებდი. მათ სურთ,   გვერდით ისეთი  ადამიანები ჰყავდნენ,  რომლებიც მხოლოდ კარგზე ისაუბრებენ და ცუდზე თვალს  დახუჭავენ. ასეთები ამჟამად, ბევრი ჰყავს ირგვლივ.

-5 აგვისტოს  ბათუმში „ქართული ოცნების“ აქცია დაანონსდა. მოსახლეობის როგორ შეხვედრას ელოდებით აჭარაში?

-აჭარაშიც იგივე სიტუაცია იქნება,  როგორც სხვა რეგიონებში. დარწმუნებული ვარ, ბევრი ელოდება ამ აქციას და  ძალიან ბევრი ადამიანი მოვა.  ძალიან ხშირია  წერილები  თხოვნებით, რომ   ორკვირიან შუალედს ნუ გააკეთებთ. ასე ერთსულოვნად მთელ საქართველოში აუცილებლად გავიმარჯვებთ და მოსახლეობას ცხოვრების უკეთეს პირობებს შევთავაზებთ.

- „ნაციონალური მოძრაობის“  მიერ,  მოსახლეობისთვის შეთავაზებულ პაკეტშიც ცხოვრების საუკეთესო პირობებზეა საუბარი და ისინიც დარწმუნებულნი არიან, რომ გაიმარჯვებენ....

-ხელისუფლების დარწმუნება არავინ აინტერესებს. აქ მთავარი ხალხი და მათი მხარდაჭერაა. ქართველ ხალხს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ცვლილებები სურთ და ამას წინ ვერც  სააკაშვილი და ვერც სხვა,  წინ ვერ აღუდგება.  

-და ბოლოს, თქვენი ძმის საკითხი საზოგადოებისთვის ძალიან მტკივნეული იყო მაშინ და მტკივნეულია დღესაც. მოსახლეობა თითქოს ვერ გაერკვა რა მოხდა... წლების შემდეგ, თქვენ მაინც,  თუ გაერკვიეთ მომხდარში?

-რაც შეეხება საქმეს,  4 ადამიანი დაკავებულია, რომლებსაც  სასჯელი აქვთ მისჯილი. მაგრამ ეს  საქმე ამ ადამიანების იქით აღარ წასულა.  დარწმუნებული ვარ,  ამ ადამიანების იქით,  სხვა პიროვნებები  იდგა.  დღესდღეობით,  ამ  საქმის წამოწევა შეუძლებელია. ფაქტიურად,  ვერაფერს მივაღწევ,  მაგრამ ოქტომბრიდან გაძლევთ სიტყვას,  რომ ამ საქმეს  და სხვა ისეთ  საქმეებსაც  გავხსნით,  რომლებიც მოსახლეობის ინტერეს იწვევს.