ბიძინა გიორგობიანი: „პენ შონ ბერლანდი

ბიძინა გიორგობიანი: „პენ შონ ბერლანდი"-ის კვლევის შედეგები არ წარმოაჩენს ისეთ ფანტასმაგორიულ სურათს, როგორიც IRI-ისა და NDI-ის კვლევებმა წარმოაჩინა

უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, წინასაარჩევნო ფონზე საქართველოში სისტემატიურად და აქტიურად ტარდება სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევები. მათ შორის IRI-ისა და NDI-ის მიერ არაერთი კვლევის შედეგი გამოქვეყნდა. აღნიშნული სოციოლოგიური ორგანიზაციების კვლევის მეთოდიკა უცნობია, თუმცა პოლიტიკური სპექტრისა და საზოგადოების უნდობლობას, მაგრამ დიდ ყურადღებას იმსახურებენ.

საქართველოში წინასაარჩევნოდ არსებული პოლიტიკური ვითარებისა და საზოგადოების განწყობის შესასწავლად კვლევა ამერიკულმა ორგანიზაციამ „პენ შონ ბერლანდი"-მაც ჩაატარა.  

ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის თანახმად, ამომრჩეველთა 42% კოალიცია „ქართულ ოცნებას" უჭერს მხარს, 42% - ერთიან ნაციონალურ მოძრაობს, 8% - სხვა პარტიებს, შეკითხვას გამოკითხულთა 6% -მა პროცენტმა არ უპასუხა.

როგორც ირკვევა,  „პენ შონ ბერლანდი"-მა სოციოლოგიური კვლევა ფონდ „აღმოსავლეთ ევროპა, მედია და საზოგადოების“ დაკვეთით განხორციელდა.

რა იყო ამ კვლევის ჩატარების მიზანი, რა მეთოდებით მოხდა საზოგადოების აზრის შესწავლა და როგორია ქვეყანაში არსებული რეალური სურათი, ამის შესახებ From.ge

ფონდ „აღმოსავლეთ ევროპა, მედია და საზოგადოების“ აღმასრულებელ  დირექტორს   ბიძინა გიორგობიანს ესაუბრა.

-ბატონო ბიძინა, ვისი დაკვეთით ჩაატარდა  „პენ შონ ბერლანდმა“ სოციოლოგიური  კვლევა, რომლის შედეგებიც დღეს გახდა ცნობილი?  

- კვლევა ცნობილმა ამერიკულმა მარკეტინგულმა კომპანიამ „პენ შონ ბერლანდმა“ ჩაატარა, რომელიც ფონდი „აღმოსავლეთ ევროპა, მედია და საზოგადოების“ დაკვეთით განხორციელდა. აღნიშნული ფონდი საქართველოში ახორციელებს პროექტს სახელწოდებით „ევროპული პლატფორმა დემოკრატიული საქართველოსათვის“. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში მოხდა სოცილიოლოგიური კვლევის ჩატარებაც, რომლის შედეგებიც თქვენთვის უკვე ცნობილია. კომპანიამ აღნიშნული კვლევები 3-დან 15 ივლისის ჩათვლით ჩაატარა.

- თქვენ საუბრობთ,  „პენ შონ ბერლანდი"-ს  მიერ ჩატარებული გამოკითხვის   განსხვავებულ მეთოდზე, რას გულისხმობთ?

-კვლევა ჩატარდა ე.წ. საიდუმლო გამოკითხვის რეჟიმში (secret ballot), ამის შესახებ თვითონ ორგანიზაციაც წერს. ეს მეთოდი ფარულ კენჭისყრას ითვალისწინებს - როცა რესპოდენტის კითხვარი არის დალუქული და გაიხსნება მხოლოდ იმ ცენტრალურ ოფისში, სადაც ამ ხმების რაოდენობა უნდა დაითვალოს. ასეთ შემთხვევაში გამოკითხულის ანონიმურობა აბსოლუტურად დაცულია.

-საქართველოში ბოლო დროს ჩატარებული სხვადასხვა კვლევების შემდეგ, ამ შემთხვევაში, რა იყო აღნიშნული კვლევიც ჩატარების მიზანი?

- ჩვენი მიზანი ის იყო, რომ გამოკვლევებით საზოგადოების აზრით მანიპულაცია შეწყვეტილიყო. ზოგადად, ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ გამოკვლევები არამიზნობრივად არ იქნას გამოყენებული.  უნდა შევისწავლოთ საზოგადოების სოციალური მდგომარეობა, პოლიტიკური ველი, პოლიტიკური ვითარება და ამომრჩევლის შეხედულებები. ამისათვის ჩვენს მიერ შერჩეულმა გამოკითხვის მეთოდმა - „საიდუმლო კენჭისყრამ“ მოგვცა გაცილებით უფრო ზუსტი სურათი, ვიდრე ბოლო პერიოდში სხვა სოციოლოგიურმა კვლევებმა, მაგალითად NDI-იმ და IRI-იმ მოგვცა.

-ზოგადად, სოციალური კვლევების, მათ შორის ა IRI-ისა და NDI-ის  მიმართ სანდოობის ხარისხი საქართველოში ძალიან დაბალია. ამ შემთხვევაში ამ  ორგანიზაციის ნდობის ხარისხი რამდენად მაღალი იქნება და რამდენად უნდა დაუჯეროს საზოგადოებამ მის შედეგებს?

- ორგანიზაციის ნდობის ხარისხს განსაზღვრავს მის მიერ ჩატარებული კვლევები. საქართველოში NDI-ისა და  IRI -ის მიერ  ჩატარებული გამოკვლევები, ისეთ ატმოსფეროში ტარდება, სადაც საზოგადოება დაშინებულია. ეს კი, სწორი სურათის არსებობის შესაძლებლობას ზღუდავს, ამიტომ მიღებული სურათი გამრუდებულია. ამასთანავე, ჩვენთვის დღემდე უცნობია რა მეთოდებს იყენებენ ისინი იმ კვლევების ჩასატარებლად, რომლის შედეგებს ბოლო 5 წლის განმავლობაში აქვეყნებენ.

საზოგადოება და სოციოლოგები მათგან უკვე რამდენიმე წელია ითხოვენ გააცნოს რა მეთოდიკით ახორციელებენ კვლევას, თუმცა ისინი ამას საიდუმლოდ ინახავენ. ამიტომ მათ შედეგებს ძალიან ნაკლებად აქვს შეხება რეალობასთან, რაც მათ იმიჯზე ძალიან ცუდად მოქმედებს.

ასეთ ვითარებაში კი, თქვენ ხელთ გაქვთ „პენ შონ ბერლანდი"-ის მიერ  საიდუმლო მეთოდით ჩატარებული კვლევა, რომლის შედეგებიც ჩემი აზრით, არ წარმოადგენს ისეთ ფანტასმაგორიულ სურათს, როგორ სურათსაც  IRI-ისა და NDIის კვლევები გვთავაზობენ.

-ამ ფონდის კვლევებში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ შედეგები და რეიტინგები პროცენტულად იდენტურია...

- ამ კვლევაში საუბარია იმაზე, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დისტანცია დაახლოებით 10%-ია. ხელისუფლებას მობილიზებული აქვს ფინანსები, ძალოვანი უწყებები, ხელისუფლების სტრუქტურებში მომუშავე ადამიანები და მათი ნათესავები, ეს მთელი საზოგადოებრივი ფენაა და მათი იგნორირება არ შეიძლება. ამავე დროს, არ შეიძლება ოპოზიციამ თქვას, რომ ჩვენ 80% ვართ და ისინი არსად აღარ არიან. ამიტომ უნდა ჩატარებულიყო რეალური კვლევა და რეალური შედეგები უნდა დადებულიყო. ეს ჩაატარა კიდეც „პენ შონ ბერლანდმა“, რომელმაც გული არცერთ და არც მეორე მხარეს არ გაუხარა.

-რაც შეეხება სახელისუფლებო განწყობას, როგორ მიიღებს ამას ხელისუფლება? მით უმეტეს, მაშინ, როცა მას აქვს წინა კვლევის შედეგები, სადაც მათი მონაცემებით, „ნაცმოძრაობა“ ერთპიროვნულად ლიდერობს?

- ჩვენ ეს კვლევები ხელისუფლების დასარწმუნებლად არ ჩაგვიტარებია.   ჩავატარეთ იმიტომ, რომ პოლიტიკოსებმა, საზოგადოების წარმომადგენლებმა, სოციოლოგებმა თუ ამ დარგის სხვა სპეციალიტებმა იცოდნენ რეალურად რა ვითარებაა ქვეყანაში. ხელისუფლება ისეთ ნაბიჯებს დგამს და ისეთ პროცესებს ახორციელებს, რომ მათგან ნაკლებადაც არის მოსალოდნელი, რომ  ობიექტური და ზუსტი კვლევები მიიღოს. ისინი კანონიერებისა და გონიერების ფარგლებს კარგა ხანია გაცდნენ. ჩვენ ეს უბრალოდ იმისთვის გავაკეთეთ, რომ გავაცნოთ ევროპასა და ამერიკას რა ვითარებაა ქვეყანაში და მათ არ წარმოიდგინონ ისეთი სურათი, როგორიც სხვა სოციოლოგიური კვლევების შედეგებში გამოჩნდა. 

- როგორ ფიქრობთ, ეს ერთი კვლევა  საკმარისია იმისათვის, რომ ევროპა და ამერიკამ რეალურად დაინახოს ქვეყანაში არსებული ვითარება?

-ასეთ კვლევებს სისტემატიურად ჩავატარებთ. ჩვენ ვაპირებთ სხვა სოციოლოგიურ და მარკეტინგულ ჯგუფებთანაც თანამშრომლობას და მუშაობას. დიდი ვარაუდით, ასეთი ტიპის კვლევებს კიდევ ჩავატარებთ, იმისთვის, რომ საქართველოშიც, ევროპაშიც და ამერიკაშიც იცოდნენ რა განწყობაა წინასაარჩევნოდ ჩვენს ქვეყანაში და როგორია რეალური სურათი.