მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტ ნოდარ ჩაჩუაზე ზეწოლის  დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვენ

მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტ ნოდარ ჩაჩუაზე ზეწოლის დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვენ

მედიის წარმომადგენლებმა  „მე-9 არხის“ ჟურნალისტ ნოდარ ჩაჩუას სოლიდარობის ნიშნად, პროკურატურასთან  საპროტესტო აქცია გამართეს და ჩაჩუას მიმართ ზეწოლის ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძიება მოითხოვეს. ჟურნალისტები აქციაზე  სლოგანებით გამოვიდნენ: „ნუ გვებრძვით საბჭოთა მეთოდებით!“,  „ვერ შეგვაშინებთ!“,  „შანტაჟი დანაშაულია!“, „გამოიძიეთ!“ და აშ.

მედიის წარმომადგენლების თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ საქმე მედიის წარმომადგენელს ეხება, პროკურატურამ გამოძიება გამჭვირვალედ უნდა განახორციელოს.

როგორც გაზეთ „ალიას“ პასუხისმგებელი რედაქტორი, დიმიტრი ტიკარაძე აცხადებს, ჟურნალისტებზე შანტაჟი უნდა შეწყდეს, ხოლო ნოდარ ჩაჩუას შემთხვევაში, როდესაც არსებობს მასალები და ცნობილია ავტომობილის ნომერი, რომლითაც ის გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს, დაუყოვნებლივ გამოძიების დაწყება უნდა მოხდეს.

ჟურნალისტ თამარ კორძაიას განცხადებით,  ნოდარ ჩაჩუას მიმართ სისხლის სამართლის დანაშაული განხორციელდა.

„ვინაიდან საქმე ეხება ჟურნალისტს, საქმის გამოძიება მაქსიმალურად გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს“, - განაცხადა კორძაიამ.

ცნობისთვის, „მე-9 არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა სამმა პირმა ავტომობილით გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა და მისი შანტაჟი სცადა. კერძოდ, აღნიშნული პირები ნოდარ ჩაჩუასგან „მე-9 არხიდან“ ინფორმაციის გატანას ითხოვდნენ.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ნოდარ ჩაჩუას შანტაჟის ფაქტზე რეაგირება არ მოხდება ისინი პერმანენტულ აქციებს გამართავენ.