გელა ნიკოლაიშვილი: სოფრომაძე  უახლოეს საათებში უნდა გაათავისუფლონ ან  ბრალდებულის სტატუსით დააკავონ

გელა ნიკოლაიშვილი: სოფრომაძე უახლოეს საათებში უნდა გაათავისუფლონ ან ბრალდებულის სტატუსით დააკავონ

„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ მთავარი საბჭოს წევრი ზაზა სოფრომაძე ადვოკატის მომსახურეობაზე უარს აცხადებებს. შესაბამისად,  სოფრომაძის ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ვარაუდობს, რომ  ის ზეწოლას განიცდის და აცხადებს, რომ ამის საფუძვლიანი ეჭვი არსებობს.

ნიკოლაიშვილის თქმით,  ნათელია, რომ გამოძიებას რაღაც უჭირს  და  არ სურს ამ საქმეში გარეშე თვალი - ადვოკატი ჩართოს,  რომელიც სოფრომაძეს  მორალურ და იურიდიულ დახმარებას აღმოუჩენს.

„მას ორჯერ, ჯერ  დილით,  დაახლოებთ  11 საათზე და  შემდეგ რამდენიმე საათში დაარეკინეს და ფაქტიურად,  ერთი და იგივე ტექსტი ათქმევინეს, რომ არ საჭიროებს ადვოკატს და  რომ მოწმის სტატუსით იკითხება. სოფრომაძე ამბობს, რომ  ყველაფერი ნორმალურად არის. ასეთ სიტუაციაში ბუნებრივია,  ძალიან გონივრული ეჭვი ჩნდება და სავსებით საფუძვლიანია, რომ  მას უბრალოდ დაარეკინეს და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად ან  მოტყუებით, რომ თუ შენ უარს იტყვი ადვოკატის მომსახურეობაზე  ბრალს არ წაგიყენებთ და მხოლოდ მოწმის სტატუსით დაგკითხავთო.  სავარაუდოდ,  ის ადვოკატის დახმარებაზე ამ ორიდან ერთ - ერთი ან ორივე მიზეზით ამბობს უარს“, - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

ნიკოლაიშვილის თქმით, ძალიან საეჭვო ვითარებაა,  როდესაც ადამიანი  ღამის 4 საათიდან ამ დრომდე პროკურატურაში ჰყავთ.

„12 საათის გასვლის შემდეგ,  ისევ იქ ჰყავთ,  ანუ მას ფაქტიურად თავისუფლება აღკვეთილი აქვს. ჩვენი კოდექსით,  იმ წუთიდან ითვლება ადამიანი ბრალდებულად,  რა წუთიდანაც მას  გადაადგილების თავისუფლება შეეზღუდება. ის უკვე,  ფაქტობრივად ბრალდებულის მდგომარეობაშია“, - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

ადვოკატის თქმით, სოფრომაძე ან უახლოეს საათებში უნდა გაათავისუფლონ ან ბრალი უნდა წაუყენონ  და ბრალდებულის სტატუსით დააკავონ.

„ამდენი ხნის განმავლობაში ბრალდებულის დაკითხვა არ შეიძლება“, - აღნიშნავს ნიკოლაიშვილი.

მისივე თქმით, ჯერ კიდევ უცნობია კონკრეტულად  რას ედავებიან სოფრომაძეს  და აღნიშნავს, რომ სატელეფონო საუბარში ამის თქმის საშუალებას არ აძლევენ.

 „თუმცა ჩვენი ვარაუდით, რადგან მანამდე მისი ყოფილი თანამშრომლები დაკითხვაზე წაიყვანეს  და  მის წინააღმდეგ  მამხილებელი ჩვენების მიცემას აიძულებდნენ, რომ   თითქოს ქრთამს იღებდა სავარაუდოდ,  ვფიქრობ, რომ ეს საქმე  მის სადაზღვეო ფონდის მუშაობის პერიოდს უკავშირდება“, - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.