მაია ფანჯიკიძე: ზუგდიდსა და ლანჩხუთში „ქართული ოცნების“ წევრების საბანკო ანგარიშები დააყადაღეს

მაია ფანჯიკიძე: ზუგდიდსა და ლანჩხუთში „ქართული ოცნების“ წევრების საბანკო ანგარიშები დააყადაღეს

კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერის, მაია ფანჯიკიძის ინფორმაციით, ლანჩხუთსა და ზუგდიდში მოსახლეობის ნაწილის ანგარიშები დააყადაღეს. ამის შესახებ ფანჯიკიძემ From.ge-სთან საუბარში განაცხადა. მისი განმარტებით, დაყადაღების საფუძველი და მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

„ჯერ ბოლომდე არ არის გარკვეული რა ხდება ამ მხრივ. დაჯარიმებულებმა ბანკებისგან მოითხოვეს ინფორმაცია, მაგრამ ამაზე არც წერილობით და არც სიტყვიერად არანაირი განმარტება არ გაკეთებულა. აქედან გამომდინარე, არავინ არ იცის რეალურად რა ხდება მათ ანგარიშებებთან დაკავშირებით“, - აცხადებს ფანჯიკიძე.

მისი განმარტებით, ყადაღა დაედო იმ პირების ანგარიშებს, რომლებსაც კოალიციასთან სხვადასხვა ფორმით ჰქონდათ რაიმე შეხება და კავშირი.

„მათ შორის იყვნენ „ქართული ოცნების“ აქტივისტები, „კარდაკარ“-ში ჩართული პირები და ა.შ. ამ ადამიანებს პრობლემები ჯარიმით, დაყადაღებული ანგარიშებით და სხვადასხვა ფორმით შეექმნათ“, - აღნიშნა კოალიციის პრესსპიკერმა.

ფანჯიკიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ შემდგომი ნაბიჯები დაკავშირებულია იმასთან, თუ რა განმარტება მოვა ანგარიშების დაყადაღებზე შესაბამისი უწყებებიდან .

„აღნიშნულის შესახებ დოკუმენტები ჯერ არ არსებობს, შესაბამისად რთულია თქმა რას მოვიმოქმედებთ“, - დასძინა მან.

გავრცელებული ინფორმაციით აღნიშნულ ფაქტთან  დაკავშირებით, ხვალ ლანჩხუთში საპორტესტო აქციის გამართვა იგეგმება.