მელორ ვაჩნაძე სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს

მელორ ვაჩნაძე სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს

მსჯავრდებული მელორ ვაჩნაძე #18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ დღეს სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაშია მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, მსჯავრდებული ვაჩნაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სასჯელის მოხდის პერიოდში არასდროს ყოფილა კრიტიკული. გარდა ამისა აღნიშნულია, რომ მელორ ვაჩნაძე პატიმრობის პერიოდში არაერთხელ იქნა გადაყვანილი როგორც №18 სამკურნალო დაწესებულებაში, ისე სამოქალაქო სექტორის კლინიკაშიც. ასევე მას წარმოდგენილი ჩივილებიდან გამომდინარე, ჩაუტარდა სრულყოფილი გამოკვლევა და დაენიშნა მკურნალობა.

„აღსანიშნავია, რომ პაციენტს დამატებითი გამოკვლევების ჩატარებისა და შესაბამისი მკურნალობის ტაქტიკის შერჩევის მიზნით, არაერთხელ შესთავაზეს №18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა. მას განემარტა, რომ აღნიშნულ დაწესებულებაში მოხდებოდა ყველა საჭირო გამოკვლევების ჩატარება და უზრუნველყოფილი იქნებოდა სეფსისის ცენტრის სპეციალისტის კონსულტაციით, რომელიც განსაზღვრავდა მკურნალობის შემდგომ ტაქტიკას და სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გაყვანის აუცილებლობას", - აღნიშნულია განცხადებაში.

სამინისტროში განმარტავენ, რომ 14 მაისს მსჯავრდებულმა უარი განაცხადა №18 სამკურნალო დაწესებულებაში გადასვლაზე, ხოლო 18 მაისს გადავიდა აღნიშნულ დაწესებულებაში, მაგრამ კვლავ უარი განაცხადა შეთავაზებულ გამოკვლევებსა და სეფსისის ცენტრის სპეციალისტის კონსულტაციაზე.

"მიმდინარე წლის 26 ივლისს, მედპერსონალის დაჟინებული შეთავაზებების შემდეგ, პაციენტმა თანხმობა განაცხადა გამოკვლევებზე და შესაბამისად, მყისიერად გადაყვანილ იქნა №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც კვალიფიციური ექიმები, მათ შორის სეფსისის ცენტრის სპეციალისტი, მას ჩაუტარებენ კონსულტაციას, საჭირო გამოკვლევებს და განსაზღვრავენ შემდგომი მკურნალობის ტაქტიკას. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსათვის მნიშვნელოვანია, რომ ისევე, როგორც ყველა პატიმარისათვის, მათ შორის მსჯავრდებულ მელორ ვაჩნაძისთვის ხელმისაწვდომი იყოს მაღალკვალიფიციური სამედიცინო სერვისი", - აღნიშნულია განცხადებაში.