ხელისუფლებამ ისეთივე ყურადღება უნდა დაუთმოს სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას, რამდენსაც ოლიმპიურ ჩემპიონებს უთმობს

ხელისუფლებამ ისეთივე ყურადღება უნდა დაუთმოს სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას, რამდენსაც ოლიმპიურ ჩემპიონებს უთმობს

ეკონომიკის ექსპერტი, დემურ გიორხელიძე მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონისთვის საქართველოს მიერ მსოფლიოში ყველაზე მაღალი თანხის შემცველი ჯილდოს დაწესებას ითვალისწინებს, პოზიტიურად აფასებს.

როგორც გიორხელიძე From.ge-სთან საუბარში აცხადებს, ეს ნაბიჯი ნამდვილად არ არის ურიგო იმ მხრივ, რომ ამით სპორტსმენებს უდიდესი სტიმული მიეცემათ.

მისი თქმით, ისეთი პატარა ქვეყნისგან, როგორიც საქართველოა მსგავსი გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანია საკუთარი სახის, ასევე იმ დიდი პოტენციალის, ინტელექტის თუ  სპორტული ნიჭის წარმოჩენის თვალსაზრისით, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. 

„ოლიმპიური თამაშები მოგება არ არის მხოლოდ სპორტული მოვლენა. ეს უზარმაზარი მოვლენაა. ჩვენ ბევრი ჩემპიონი ვერ გვეყოლება, შეიძლება 3-5 გამარჯვებული გვყავდეს, მაგრამ ეს სამომავლოდ შეიძლება გახდეს სხვა ახალგაზრდებისთვის იმის მასტიმულირებელი მოვლენა, რომ სპორტს პროფესიულად მიუდგნენ“, - აცხადებს გიორხელიძე.

რაც შეეხება ქვეყანაში მომხდარი სტიქიური უბედურებების ფონზე ბიუჯეტიდან ასეთი დიდი თანხის გამოყოფის მიზანშეწონილობას, გიორხელიძე მიიჩნევს, რომ დღესდღეობით ბიუჯეტში არსებობს იმდენი თანხა, რომელიც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ჩვენი ოლიმპიური ჩემპიონებიც ღირსეულად დაჯილდოვდნენ და სტიქიის შედეგად დაზარალებულებსაც შესაბამისი ყურადღება მიექცეთ, „განსაკუთრებით კი ბიძინა ივანიშვილის მიერ გადარიცხული 90 მილიონის შემდეგ“.

„ერთი მეორეს არ უშლის ხელს. ჩვენ შეგვიძლია დღეს თამამად მოვთხოვოთ ხელისუფლებას რომ სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობასაც უფრო მეტი ყურადღება დაუთმოს და ოლიმპიურ ჩემპიონების მიმართაც შესაბამისი  დაინტერესება გამოხატოს“, - დასძინა მან.

ცნობისთვის, წლევანდელი ოლიმპიური ჩემპიონატზე საქართველომ მსოფლიოში ყველაზე მაღალი ჯილდო დააწესა.

ოქროს მედალის მფლობელებისთვის განკუთვნილი 1 200 000 აშშ დოლარით საქართველო მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზეა. ვერცხლის მედალზე საქართველოს გრაფაში 30 000 დოლარია გაწერილი, ხოლო ბრინჯაოზე - 20 000.