კახა კახიშვილი:  ყოველშემთხვევაში იმ ბერკეტს არ თმობენ, რა ბერკეტითაც თავად მოვიდნენ ხელისუფლებაში

კახა კახიშვილი: ყოველშემთხვევაში იმ ბერკეტს არ თმობენ, რა ბერკეტითაც თავად მოვიდნენ ხელისუფლებაში

ტელეკომპანია „მაესტროს“ მხარდასაჭერ აქციაზე მყოფი, „არჩევნების პოლიტტექნოლოგიის კვლევის ცენტრის“ პრეზიდენტის, კახა კახიშვილის განცხადებით, „მაესტროსთვის“ კუთვნილი თეფშების დაყადაღება ცხადყოფს, რომ  მედიასივრცის გაკონტროლებას ხელისუფლება თავიდან ბოლომდე ცდილობს.

კახიშვილის თქმით, მთავრობის წარმომადგენლებს თბილისში ამომრჩევლების მხარდაჭერაზე ხელი ჩაქნეული აქვთ, თუმცა რეგიონებს ცოცხალი თავით არ თმობენ.

„ყოველშემთხვევაში იმ ბერკეტს არ თმობენ, რა ბერკეტითაც თავად მოვიდნენ ხელისუფლებაში“, - აღნიშნა კახიშვილმა.

მისი თქმით, ფაქტობრივად „მაესტროსთან“ დაკავშირებით საქართველოს სისხლის საპროცესო კანონმდებლობა თავიდან ბოლომდე დარღვეულია და აღნიშნა, რომ „მაესტროს“ თეფშების დაყადაღებისთვის მასზე „გლობალ ტვ -ის სტიკერის არსებობა გაუგებარი არგუმენტია.

„ამ აქციაზე მოსვლა, ჩემი სამოქალაქო პოზიციაა, რომელიც ბუნებრივია უნდა მქონოდა. 2004 წლიდან ყველაფერი ხდება რათა მედიის თავისუფალი მაუწყებლობა არ განხორციელდეს, რაც თავის დროს გამოიხატებოდა „იბერიის დახურვით“, შემდეგ „რუსთავი 2-ის“, „მზისა“ და „იმედის“ წილების გადაფორმებით. ეს ყველაფერი ერთ რაიმეს უკავშირდება, რომ მოსახლეობამ მხოლოდ ის ინფორმაცია მიიღოს, რომლის მიწოდებაც ხელისუფლებას მათთვის სურს“, - განაცხადა კახიშვილმა და დასძინა, რომ რაც უფრო მეტ მედიასაშუალებას დახურავენ და  ინფორმაციის გავრცელების მეტ საშუალებას შეუქმნიან პრობლემებს, მით უფრო მეტი პროტესტი გაჩნდება საზოგადოებაში.