გია ხუხაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა 80 მილიონი ლარის გადარიცხვით სააკაშვილს „ქომაგის“ თანამდებობა მოარგო

გია ხუხაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა 80 მილიონი ლარის გადარიცხვით სააკაშვილს „ქომაგის“ თანამდებობა მოარგო

პოლიტიკური ექსპერტის, გია ხუხაშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებით 80 მილიონის გადარიცხვით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს ადამიანი არის ქველმოქმედი.

მისი თქმით, მიუხედავად ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მოღვაწეობისა თუ პრინციპებისა, მიუხედავად იმისა, რომ მას მიაჩნია, რომ მის მიმართ განხორციელებულია პირდაპირი პოლიტიკური დევნა, აღმოჩნდა, რომ ის ქვეყანაში დაწყებულ საქმეს, ბოლომდე მაინც მიიყვანს, ოღონდ უკვე სხვა ფორმებით.

„ის თვლიდა, რომ ჯარიმა არ იყო გადასახდელი, მაგრამ ამასთანავე ნათელი იყო, რომ ხელისუფლება საერთოდ არ აძლევდა სხვადასხვა ორგანიზაციებს ამ პროცესში - ქველმოქმედებაში  განძრევის საშუალებას. „ქომაგიც“ კი დახურა. ასეთ ვითარებაში მან ყველაზე ოპტიმალური, ჩემი აზრით, სასაცილო და ამავე დროს სატირალი ვარიანტი მოიფიქრა, როცა ქვეყნის პრეზიდენტი გახადა „ქომაგი“ და მისი მეშვეობით მოახდენს დაზარალებულთა დახმარებას“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ექსპერტის თქმით, ბიძინა ივანიშვილისგან მიღებული თანხების საშუალებით პრეზიდენტმა ახალი „თანამდებობა“ მოირგო, რაც „ქომაგის“ აღმასრულებელი დირექტორის ფუნქციის შესრულებაში გამოიხატება.

„მე ვულოცავ პრეზიდენტს ახალ თანამდებობას, ია მეტრეველის ნაცვლად თვითონ გახდა „ქომაგი“. მინდა ვთქვა რომ ეს ბევრად უფრო სასიამოვნო თანამდებობაა, ვიდრე ის, რა თანამდებობაზეც სააკაშვილი დღეს არის“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება წავა თუ არა გადარიცხული 80 მილიონი პირდაპირ დაზარალებული მოსახლეობისკენ, ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ეს უკვე საზოგადოებაზე არის დამოკიდებული, თუ როგორ გავაკონტროლებთ ამ თანხებს.

ექსპერტის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილი მას აძლევს თანხებს, რომელიც აუცილებლად გაკონტროლდება, ამიტომ ის მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი იძულებული გახდება ეს ფული დაახარჯოს უშუალოდ დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად.

„ყველაფერი მაინც ქართულ საზოგადოებაზეა დამოკიდებული. ეხლა ჩვენ ყოველდღიურ კონტროლზე უნდა ავიყვანოთ ის, რომ „ქომაგმა“ თავისი რეალური ფუნქცია შეასრულოს და გადარიცხული თანხები ხელისუფლების ხუშტურებში არ წავიდეს“, - აღნიშნა თავხელიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ კოალიციაა „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად საქართველოს ბიუჯეტში 80 მილიონი ლარი გადარიცხა.