ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისთვის“ პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობას კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფრაქციის წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის მიცემულ ბრძანებაზე ისაუბრა, რომელიც სამუშაო კაბინეტების დაცლას შეეხება.
ცაგარეიშვილის თქმით, მისი ფრაქცია პარლამენტს უფლებამოსილების ამოწურვამდე, ოთახების დაცლას არ აპირებს.
გიორგი ცაგარეიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ დეპუტატებს სამუშაო ოთახებიდან საკუთარი ავეჯი ღამის საათებში დიდი სატვირთო მანქანებით გაჰქონდათ.
ცაგარეიშვილის თქმით, ზოგიერთ დეპუტატს, რომელსაც თავი მომავალ პარლამენტში უკვე წარმოუდგენია, ავეჯს ალბათ თბილისსა და ქუთაისს შორის – რიკოთის უღელტეხილთან ასაწყობებენ.
“ან რამ შემოატანინათ პარლამენტში ამდენი ნივთები” – განაცხადა ცაგარეიშვილმა და დასძინა, რომ “ნაციონალური მოძრაობის წევრებს ნივთების ჩალაგებაში დაეხმარებოდა, “რათა პოლიტიკური ცის კაბადონიდან სამუდამოდ გადახვეწილიყვნენ”.
პარლამენტის შენობის დაცლა გასულ კვირას დაიწყო.