„ქრისტიან-დემოკრატები“ კახეთში სტიქიის დროს დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციის სახით 5 000-დან 10 000 ლარამდე გაცემას ითხოვენ.
ამის შესახებ განცხადება დღეს ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანმა გააკეთა.
„ასეთი სტიქია არც კახეთს და არც საქართველოს სხვა რეგიონებში ბოლო ათწლეულების განმავლობაში არ გვახსოვს, ამიტომ ბიუჯეტში ცვლილებები ადეკვატური უნდა იყოს იმ ზარალის, რომელიც მოსახლეობას მიადგა და მათ მდგომარეობას რეალურად გამოასწორებს“, -აღნიშნა ახვლედიანმა.
მისივე თქმით, მოქალაქეები, რომელთა მოსავალიც სტიქიამ 100% გაანადგურა, მათთვის 1500 ლარიანი კომპენსაციის მიცემა არადეკვატური იქნება, რადგანაც ერთი ჰექტარი მიწის ნაკვეთის დამუშავება 2000 ლარამდე ჯდება.
„1500 ლარით დახმარება ამ ადამიანებისთვის არაფერს არ შეცვლის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ კომპენსაციები 5 ათასიდან 10 ათას ლარამდე უნდა გაიცეს. ამის საშუალება დღეს არსებობს“, - აღნიშნა ახვლედიანმა და აქვე განმარტა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი დაგეგმილია 5% ზრდით, ხოლო სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით უკვე 8%-იანი ეკონომიკური ზრდაა.
„ეს ნიშნავს, რომ მთავრობას დამატებითი 300-400 მილიონის მობილიზება შეუძლია“, -აღნიშნა ახვლედიანმა.