ფანჯიკიძე: საფრანგეთის საგარეო უწყება ფრანგი  მოქალაქეების საზღვარზე არშემოშვების  დეტალურად გამოძიებას აპირებს

ფანჯიკიძე: საფრანგეთის საგარეო უწყება ფრანგი მოქალაქეების საზღვარზე არშემოშვების დეტალურად გამოძიებას აპირებს

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ფირმის თანამშრომლებს, რომლებიც ივანიშვილის უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობენ, საქართველოში ჩამოსვლის საშუალებას არ აძლევენ. ამის შესახებ, ფანჯიკიძემ კოალიციის ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, 18 ივლისს ფირმის ორი თანამშრომელი ჩამოვიდა საქართველოში, თუმცა ერთ-ერთი მათგანი საზღვარზე არ შემოუშვეს და პარიზში გააბრუნეს.

„მისთვის არანაირი ახსნა-განმარტება არ მიუციათ და ურჩიეს პარიზში საქართველოს საელჩოსთვის მიემართათ“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.

კოალიციის პრესსპიკერის თქმით, ეს საკითხი საერთაშორისო ყურადღების საკითხი გახდა და აღნიშნა, რომ პარასკევს „ქართულ ოცნებას“ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჟულიენ პოპერმა წერილით მიმართა.

„მან წერილობით გვთხოვა გავაცნოთ ამ საქმის ის დეტალები, რაც ჩვენთვისაა ცნობილი. თავის მხრივ კი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი საფრანგეთის მოქალაქეებისადმი განხორციელებული ამ ქმედებების უფრო დეტალურად გამოძიებას აპირებს“, - განაცხადა ფანჯიკიძემ და დასძინა, რომ ამ საკითხის შესახებ ისინი თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.