ჯონდი ბაღათურია: უსუფაშვილის საბურთალოს რაიონში  კანდიდატად დასახელება  სიურპრიზი აღმოჩნდა

ჯონდი ბაღათურია: უსუფაშვილის საბურთალოს რაიონში კანდიდატად დასახელება სიურპრიზი აღმოჩნდა

„ქართული დასის“ ლიდერი, ჯონდი ბაღათურია საბურთალოს ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად დავით უსუფაშვილის დასახელებას არ ელოდა და მისთვის აღნიშნული გადაწყვეტილება მოულოდნელი სიურპრიზი აღმოჩნდა. ამის შესახებ ბაღათურიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, კოალიციის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ სამი თვის წინ იცოდა, რომ საბურთალოს ოლქში მაჟორიტარად აპირებდა კენჭისყრას.

„სამი თვის წინ, ”ქართულ ოცნებაში” ერთ-ერთი შეხვედრის დროს, სადაც ჩვენ განვიხილავდით "ქართული დასის" პოტენციალს რეგიონებში, როდესაც დაისვა შეკითხვა მაჟორიტარ ოლქებთან დაკავშირებით, ერთ-ერთი რაც ვთქვი, იყო ის, რომ ვაპირებდი მაჟორიტარად კენჭისყრას საბურთალოს რაიონში. აღვნიშნე, რომ ამას ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. არც ერთი სიტყვა, არც ერთი განსხვავებული აზრი ამასთან დაკავშირებით მაშინ არ დაფიქსირებულა", - აცხადებს ბაღათურია. 

ბაღათურია ამბობს, რომ საბურთალოს რაიონში დავით უსუფაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით საუბარი არც იმ შეხვედრაზე ყოფილა, რომელიც "ქართულ ოცნებაში" 17 ივლისს შედგა და აღნიშნა, რომ თუ საბურთალოს რაიონის ოლქში მისი და უსუფაშვილის კანდიდატურებიც დარჩება, ეს შეცდომა იქნება. 

ამასთან, ჯონდი ბაღათურია აცხადებს, რომ თანამშრომლობას "ქართულ ოცნებასთან" მაინც გააგრძელებს. 

„თანამშრომლობას ჩვენ მაინც გავაგრძელებთ, თუნდაც ეს ცალმხრივი იყოს, აქამდე ორმხრივი იყო. "ქართული დასის" სახელით კი შემიძლია გითხრათ, რომ მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ერთიანი ფრონტით უნდა გამოვიდეს", – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.