თინა ხიდაშელი: ბაქრაძის პასუხი, დანებით და ჩანგლებით შეიარაღების გაგრძელებაა

თინა ხიდაშელი: ბაქრაძის პასუხი, დანებით და ჩანგლებით შეიარაღების გაგრძელებაა

კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი თინა ხიდაშელი სტიქიით დაზარალებულთა  სამ კატეგორიად დაყოფასა და მათთვის შესაბამისი თანხების გადაცემას ეხმაურება  და from.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ კატეგორიებად დაყოფას სწორია, თუმცა ის თანხა, რაც მთავრობამ დაზარალებულებს უნდა გადასცეს, ძროხის შესასყიდადაც არ არის საკმარისი.  

„კატეგორიებად დაყოფა სწორია, რადგან ზარალი ყველას სხვადასხვა მიადგა, თუმცა პრობლემა იმ თანხობრივ გამოხატულებაშია, რაც საქართველოს მთავრობამ შემოგვთავაზა. როდესაც ადამიანს ვენახი გაუნადგურდა, ან საქონელი დაეხოცა, თანხა, რომელზეც აქ საუბარია,  ძროხის შესასყიდად არ არის საკმარისი ხშირ შემთხვევებში. გაუგებარი და გაუგონარია ეს გადაწყვეტილება.  

კიდევ უფრო გაუგებარია სააკაშვილის განცხადება, იმასთან დაკაშირებით, რომ მათ საქართველოში მეთუნუქეების საკმარისი რაოდენობა არ ჰყავთ. „რა ვქნათ,საქართველოში თუ ვინმე სახურავის სპეციალისტი იყო, ყველა აქ არის მთელი საქართველოდანო“,-განაცხადა სააკაშვილმა.  ამ დროს ორი უზარმაზარი კომპანია „ბურჯი“ და „ელიტა ბურჯი“, რომელიც მთელ ქვეყანას ემსახურებოდა სახურავების გადახურვებში  და ყველაზე მთავარი კონტრაქტორები იყვნენ, დაყადაღებული ჰყავს და მუშაობის საშუალებას არ აძლევს. ძალიან მნიშვნელოვანია ეს, საგანგებო რეჟიმს ადეკვატური მოქმედება სჭირდება.

რატომღაც ვფიქრობდი, რომ ხელისუფლება ამ კომპანიებს თხოვნით მიმართავდა, რათა დაზარალებულ მოსახლეობას დახმარებოდა. ამის ნაცვლად, ბოდიშებს იხდიან, რომ მეთქუნუქეები საკმარისი არ არის და სახურავებს სწრაფად ვერ გადახურავენ“,-აცხადებს ხიდაშელი.

რაც შეეხება კოალიცია „ქართული ოცნების“ განცხადებას ნება დაერთოთ დაზარალებულთა დახმარების საქმეში მონაწილეობა მიეღოთ, პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის პასუხს ხიდაშელი აგდებულს უწოდებს. 

„ გაუმართლებელია პოლიტიკური მიდგომა სტიქიით დაზარალებულთა დახმარების საკითხში. ბაქრაძის აბსოლუტურად აგდებული პასუხი გაგრძელებაა იმ განცხადების, როდესაც მან ყველას აგვისტოს ომის დღეებში ჩანგლებით და დანებით შეიარაღებისკენ მოგვიწოდა. ძალიან ვწუხვარ, რომ  ასეთი უპასუხისმგებლო პარლამენტის თავმჯდომარე გვყავს და იმედი მაქვს, რომ ოქტომბრის მერე ეს შეიცვლება“,-განაცხადა თინა ხიდაშელმა.