„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სამგორში ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდებიან

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სამგორში ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდებიან

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, კოალიციის მაჟორიტარი-დეპუტატობის კანდიდატები, ზურაბ აბაშიძე და გურამ ოდიშარია დღეს სამგორის რაიონში ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდებიან. 

სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე, დევნილებს, რომლებიც ვარკეთილის მეურნეობის სპორტული კომპლექსის საერთო საცხოვრებელში არიან ჩასახლებულნი, კოალიციის პროგრამას გააცნობს და წინასაარჩევნო გეგმებზე ესაუბრება.

ამასთანავე შეხვედრაზე ლიდერები დევნილთა პრობლემებს მოისმენენ და მათ მიმართავენ, აქტიური მონაწილეობა მიიღონ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში.

საერთო საცხოვრებლის კორპუსში 100-მდე აფხაზეთიდან დევნილი ოჯახი ცხოვრობს. შეხვედრა პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" დევნილ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამუშაო ჯგუფის ორგანიზებით გაიმართება, რომელმაც უკვე ერთი კვირაა კოალიცია "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სამგორის რაიონის დევნილთა ჩასახლებებში დევნილებთან ინტენსიური შეხვედრები დაიწყო.