„საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო“ აზრით სახელმწიფოს ფინანსური რესურსები საარჩევნო მიზნით გამოიყენება

„საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო“ აზრით სახელმწიფოს ფინანსური რესურსები საარჩევნო მიზნით გამოიყენება

„საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო“ ახალ ანგარიშს სახელწოდებით „სახელმწიფო სახსრების საარჩევნო მიზნით ხარჯვას“ აქვეყნებს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, საჯარო ფინანსების ხარჯვის ტენდენციები საარჩევნო წლებში განსხვავებულია - ბიუჯეტი უფრო მეტად სოციალური, მოკლევადიანი დასაქმების და სხვა ტიპის პოპულისტური პროექტების განხორციელებაზეა ორიენტირებული.

მათივე თქმით, ამ კუთხით არც 2012 წელია გამონაკლისი. „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლის, ნინა ხატისკაცის განცხადებით, 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზმა სისტემური ხარვეზებიც გამოავლინა, რომლებიც სახელმწიფო ფინანსების საარჩევნო მიზნით ხარჯვას  უწყობს ხელს.

ხატისკაცი განმარტავს, რომ ბიუჯეტი საკმარისად დეტალიზებული არ არის, რის გამოც ხანდახან გაუგებარია, თუ როგორ იხარჯება გარკვეული თანხები. მისივე თქმით, 2012 წლიდან ბიუჯეტში თანხის პროგრამის მუხლებს შორის გადანაწილების ზღვარი 5%-დან 100%მდე გაიზარდა, რამაც როგორც ხატისკაცი აცხადებს, სახელმწიფო ორგანიზაციებს საშუალება მისცა თავიანთი საბიუჯეტო პროგრამების მუხლებს შორის თანხები პარლამენტის თანხმობის გარეშე შეუზღუდავად გადაანაწილონ.

„კვლევამ ასევე გამოავლინა საარჩევნოდ მოტივირებული ხარჯვის კონკრეტული შემთხვევები. კერძოდ: სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 2012 წლის 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე 25 ათასი სტუდენტი წინასწარ შერჩეულ ორგანიზაციებში დასაქმდება და თითოეული მათგანი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 ლარს მიიღებს. პროფესიული განათლებისთვის ათას ლარიანი ვაუჩერების დარიგება სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის, ხანდაზმულობის პენსიის 25%-იანია ზრდა, დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის 100%-ზე მეტით გაფართოება. მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების დაფინანსების უპრეცედენტო 309 %-იანი ზრდა მაისის საბიუჯეტო ცვლილებებით. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ 2012 წლის ზაფხულში დაწყებული პროექტი „ლიდერი 2012“, რომლის ფარგლებშიც, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები უფასოდ მიჰყავთ ანაკლიაში და ტრენინგებს უტარებენ. გავრცელებული ინფორმაციით ეს პროგრამა 80 ათასს სტუდენტზეა გათვლილი და სტუდენტური თვითმმართველობებისა და ნაციონალური მოძრაობის ორგანიზებით ხორციელდება“, - განაცხადა ხატისკაცმა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული ინიციატივების უმეტესობის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დაწყება გვაფიქრებინებს, რომ წინასაარჩევნოდ სახელმწიფო ფინანსური რესურსების საარჩევნი მიზნით გამოყენება ხდება.

„საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ მიაჩნია, რომ ხელისუფლებას მეტი პასუხისმგებლობა მართებს სახელმწიფო სახსრების განკარგვისას და მთავრობას მოუწოდებს თავი შეიკავოს საბიუჯეტო სახსრების ისეთი პროგრამებისთვის გამოყენებისგან, რომლებიც საარჩევნოდ მოტივირებულად აღიქმება.

ამასთან არასამთავრობო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ რეალურ პროგრამურ ბიუჯეტირებაზე გადასვლა ბიუჯეტის საარჩევნო მიზნით ხარჯვას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიში მომზადდა „გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული პოლიტიკური ფინანსები საქართველოში“ ფარგლებში.