ლევან კალანდაძე: სტიქიით  დაზარალებულთა დახმარება საქართველოს მთავრობის ვალდებულებაა და არა რომელიმე კონკრეტული პარტიის

ლევან კალანდაძე: სტიქიით დაზარალებულთა დახმარება საქართველოს მთავრობის ვალდებულებაა და არა რომელიმე კონკრეტული პარტიის

სტიქიით დაზარალებულ კახეთის მოსახლეობას სახელმწიფო ვალების რესტრუქტურიზაციას შეჰპირდა. ვალების რესტრუქტურიზაცია არ განხორციელდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ, როდესაც მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა საცხოვრებელი დაკარგა და ქუჩაში დარჩა, ამის მაგალითად, თუნდაც ქობულეთის მოსახლოება გამოდგება. ფაქტი ძალიან კარგია, მაგრამ  ეჭვს იწვევს ის გარემოება, რომ კახელების ვალების ჩამოწერა წინასაარჩევნო პერიოდს ემთხვევა, 2008 წლის აგვისტოში კი ხელისუფლებას პროცენტების მოგროვება არ სჭირდებოდა, მაშინ სხვა პრობლემები იდგა ქვეყნის წინაშე. ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე აცხადებს, რომ ეს არის წინასაარჩევნოდ გაკეთებული განცხადება და ხელისუფლება ცდილობს შექმნას ილუზია, რომ ის მიზანმიმართულად ეხმარება დაზარალებულ მოსახლეობას.

ლევან კალანდაძე: ეს არის წმინდა წყლის წინასაარჩევნოდ გაკეთებული განცხადება. თუნდაც, დღეს გამართული მთავრობის საგანგებო სხდომა, სადაც პრემიერმა მერაბიშვილმა გააკეთა ძალიან ბევრი დაპირება, მათ შორის გაურკვეველიც და არალოგიკურიც. . მაგალითად, მერაბიშვილი სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას შხამქიმიკატების და სასუქების დარიგებას დაჰპირდა. რაღაში სჭირდება გლეხს შხამქიმიკატები, როდესაც სტიქიამ მოსავალი მთლიანად გაუნადგურა? სამწუხაროდ ეს ყველა დაპირება  პიარულია და წინასაარჩევნო სიტუაციით არის გამოწვეული.  ამით ხელისუფლებას სურს, მოსახლეობას დაანახოს, რომ ხელისუფლება სოფლის მეურნეობაზე ზრუნავს და დაზარალებულებს ეხმარება. როცა შხამქიმიკატები დასარიგებელი იყო და მაშინ არ დაარიგეს და გლეხობას არ დაეხმარნენ, ახლა რაში სჭირდებათ? სამწუხაროდ, ხელისუფლებამ დახმარება სტიუქიური უბედურებით დაზარალებული სხვა მოსახლეობის მიმართ არ გამოიყენა. ხელისუფლება ცდილობს შექმნას ილუზია, რომ ის მიზანმიმართულად ეხმარება დაზარალებულ მოსახლეობას.

„ქართულმა ოცნებამ“ გუშინ გააკეთა განცხადება, რომ მზად არის სტიქიით დაზარალებული მოსახლეობას დაეხმაროს. ხელისუფლებამ ის ივანიშვილის ნაქებ „კარგ მენეჯერ“ მერაბიშვილთან გადაამისამართა. რას იზამს ხელისუფლება, მისცემს საშუალებას ივანიშვილს დაეხმაროს კახეთის მოსახლოებას?

როდესაც ქვეყანაში არის საგანგებო მდგომარეობა და საგანგებო სიტუაცია, ყველა პოლიტიკური ორგანიზაციის, ყველა უწყების, საზოგადოების ქმედებები უნდა იყოს კოორდინირებული. ინდივიდუალურმა დახმარებამ შეიძლება ძალიან ქაოტური ხასიათი მიიღოს და  ამ ყველაფრისთვის საჭიროა იმ შტაბთან კოორდინირება, რაც ხელისუფლებამ შექმნა. ამ შემთხვევაში, ხელისუფლებამ სწორი განცხადება გააკეთა. ეს ყველაფერი წინასაარჩევნო პერიოდს ემთხვევა და ვინმეს მიერ გაღებული დახმარება ქართული კანონმდებლობით,  წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში ამომრჩევლის მოსყიდვად შეიძლება ჩაითვალოს. ძალიან კარგია, რომ გარკვეულ პოლიტიკურ პარტიებს სურვილი გააჩნიათ მოსახლეობას დახმარება გაუწიონ, მაგრამ, ვიმეორებ  არ შეიძლება ეს ქაოსურად გაკეთდეს და ყველაფერი უნდა დაექვემდებაროს ერთიან ცენტრალიზებულ შტაბს, რომლის მენეჯმენტსაც ხელისუფლება ახორციელებს. ამ შემთხვევაში, ხელისუფლების მიამრთ პრეტენზია ცოტა უადგილო იქნებოდა.

როდესაც სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარებაზეა საუბარი, რამდენად აუცილებელია აქაც პოლიტიკური ხაზი ვეძიოთ? პოლიტიკურ პარტიებს არ აქვთ უფლება დაეხმარონ დაზარალებულ მოსახლეობას?

ამ შემთხვევაში პოლიტიკური ხაზი ნამდვილად არ უნდა იყოს გავლებული, არ აქვს მნიშვნელობა, სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარებაში მონაწილეობას  „ახალი მემარჯვენეები“ გადაწყვიტავს, ქდმ,  „ნაციონალები“ თუ „ქართული ოცნება“, ეს არის ადამიანების კეთილი ნების გამოხატულება და ამის კოორდინაცია საგანგებოდ შექმნილმა შტაბმა უნდა მოახდინოს. ამ შტაბის მუშაობა კი ერთ რომელიმე პარტიას, ამ შემთხვევაში „ნაციონალურ მძრაობას“ არ უნდა მიეწეროს. ეს არის საქართველოს ხელისუფლების და საქართველოს მთავრობის ვალდებულება საზოგადოებას დახმარება აღმოუჩინოს და სტიქიის შედეგად მიღებული ზარალის აღმოსაფხვრელი პროგრამები განახორციელოს.