დავით საგანელიძე: რეგალიას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მთავრია რას გავაკეთებ,  როგორ გავაკეთებ და შედეგი რა იქნება

დავით საგანელიძე: რეგალიას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მთავრია რას გავაკეთებ, როგორ გავაკეთებ და შედეგი რა იქნება

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დავით საგანელიძე არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილებისა  და მოპოვებული გამარჯვებების მიუხედავად,  კოალიციის სახელით  საპარლამენტო არჩევნებში  დეპუტატობის მანდატისთვის აღარ  იბრძოლებს. საგანელიძე „ქართული ოცნების“ შტაბში ზოგად საკითხებზე განაგრძობს მუშაობას და ამბობს, რომ თავის გამოცდილებას მაჟორიტარად დასახელებულ კანდიდატებსა და თანამებრძოლებს გაუზიარებს. საგანელიძე აცხადებს, რომ   მაჟორიტარად არ დასახელება არ წყენია, მისი თქმით  გული მხოლოდ იმიტომ წყდება, რომ მოსახლეობასთან ინტენსიურ შეხვედრებს ვეღარ გამართავს.

რატომ არ აღმოჩნდა კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარების სიაში, კონკრეტულად რა სამუშაოს შეასრულებს  შტაბში, დააკლდება თუ არა მისი გამოცდილება კოალიციას და რას ფიქრობს დასახელებულ მაჟორიტარობის კანდიდატებზე from.ge „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს დავით საგანელიძეს ესაუბრა.

-თქვენ, როგორც დეპუტატობის კანდიდატმა 2003 წელს გაიმარჯვეთ ონის რაიონში, 2008 წელს დიდუბეში,  2010 წელს კი,  ვაკეში. რატომ არ ხართ ახლა  მაჟორიტარი კანდიდატების სიაში?

-მინდა გითხრათ,  რომ ბოლო დღემდე,  ჩემი კანდიდატურის დაყენება ვაკის საარჩევნო ოლქში  იყო გადაწყვეტილი, აღნიშნულთან დაკავშირებით პრაიმერიც  ჩატარდა  და მასშიც გავიმარჯვე, მაგრამ ჩემი აზრით,  ალბათ,  ძალიან სამართლიანად და სწორად, რაზეც  ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ბიძინას და ჩემს მეგობრებს, რომლებმაც ჩათვალეს,  რომ ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება სჯობდა არა ერთ ოლქში გამომეყენებინა არამედ, ცენტრალურ შტაბში სერიოზული ფუნქციები, ვალდებულებები ამეღო და უფრო აქტიური ვყოფილიყავი.  მე მესმის, რომ ეს ჩემთვის ბევრად უფრო რთულია და ბევრად დიდ პასუხისმგებლობას წარმოადგენს. აღვნიშნავ, რომ  ძალიან კომფორტულად და მოსვენებულად ვიქნებოდი, თუნდაც  ვაკეში მაჟორიტარობის კანდიდატად, რომ დავსახელებულიყავი.

-აცხადებთ, რომ თქვენთვის „ქართული ოცნების“ შტაბში მუშაობა უფრო საპასუხისმგებლოა, თუმცა გულიც გწყდებათ...

-გული მწყდება იმიტომ,  რომ ვიცი,  რა არის მაჟორიტარული არჩევნები, რამდენად კარგია ადამიანებთან შეხვედრა, მათთან ურთიერთობა და  პირადი კონტაქტები.  მე ეს პირადი კონტაქტები  ამ არჩევნებში არ მექნება, თუმცა  ჩემი სამუშაოს მასშტაბი ბევრა უფრო დიდია ვიდრე, ერთი ოლქი და  ეს  ფუნქციები ბევრად უფრო საპასუხისმგებლოა. ვიცი, სერიოზული ფუნქციები ვიტვირთე, მაგრამ იმედი მაქვს, სამი თვის შემდეგ გეტყვით, რომ წარმატებით გავართვი თავი.

მაჟორიტარად, რომ დავსახელებულიყავი, შეიძლება ეს სამთვიანი პერიოდი ჩემთვის უფრო  იოლი ყოფილიყო ვიდრე ვთქვათ,  ცენტრალური შტაბში მუშაობა, საიდანაც ვიცი, რომ 24 საათი ვერ გავალ.  როცა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხარ,  ქუჩაში მაინც გადიხარ და მოძრაობის საშუალება გაქვს,  მაგრამ საბოლოო ჯამში, არ ვიტყვი, რომ  გული მწყდება, რადგან ეს ჩემთვის ბევრჯერ გავლილი ეტაპია და ახლა ჩემთვის შტაბში მუშაობა ძალიან საინტერესოა. მინდა ჩემი ძალა და შესაძლებლობები ამაშიც გამოვცადო, თუ  რამდენად შევძლებ საქართველოს მაშტაბით ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი ვიყო.

-თქვენს ერთ-ერთ გულისტკივილს ის წარმოადგენს, რომ მოსახლეობასთან შეხვედრები აღარ გექნებათ?  გამოდის, რომ  შტაბში მუშაობა მოსახლეობასთან შეხვედრებს გამორიცხავს...

-მოდით ასე ვთქვათ,  ნაკლებად. მოსახლეობასთან ინტენსიური შეხვედრები  უფრო მაჟორიტარობის კანდიდატებს ექნებათ. მაჟორიტარობა ყოველდღიური მუშაობაა, შტაბში მუშაობა კი დიდი მუშაობაა, რომელიც გარედან არ ჩანს არადა, ძალიან ბევრ რაიმეს განსაზღვრავს.  მე ეს ფუნქციები ჩემს თავზე უნდა ავიღო . ვიცი,  რა გვაქვს გასაკეთებელი, სად გვაქვს პრობლემა და აშ.

-კონკრეტულად რას გულისხმობს შტაბში მუშაობა?

-რა ფუნქციები მექნება კონკრეტულად და რა სამუშაოებს შევასრულებ ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ. ჩემთვის რეგალიას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.   მთავრია რას გავაკეთებ,  როგორ გავაკეთებ და შედეგი რა იქნება.  ასე რომ,  ნამდვილად არ დავიშურებ ძალღონეს, რაც შემიძლია და როგორც შემიძლია ყველაფერს გავაკეთებ კოალიციის  არჩევნებში გასამარჯვებლად.

-თქვენი გამოცდილება ხომ არ დააკლდება „ქართულ ოცნებას“?

-არა. შეიძლება დააკლდეს  ერთ ოლქს,  სადაც შეიძლებოდა ჩემი კანდიდატურა დასახელებულიყო, მაგრამ ახლა შეიძლება ძალიან ბევრ ოლქს წაადგეს. მე მაქვს ჩემი გარკვეული ხედვები და პროექტები. მინდა ეს ხედვები შტაბში განსახილველად დავდო. აქ საუბარია იმაზე, თუ როგორ უნდა შედგეს  არჩევნები, როგორ უნდა გავიაროთ ეტაპები,  როგორი უნდა იყოს საერთოდ პიარი  და სხვა. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია.

- როგორც  აფასებთ კოალიციის მიერ,  დასახელებულ მაჟორიტარობის კანდიდატებს  და რამდენად გაუწევენ ოპონენტებს ოპონირებას?

 „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატები ერთმანეთზე უკეთესები არიან.  აქ ისმის კითხვები, რომ  ბევრს გამოცდილება არ აქვს და აშ. ავღნიშნავ, რომ არცერთი პოლიტიკოსი თუნდაც ძალიან ცნობილი, ასე არ დაბადებულა.   დასაწყისში ყველა გამოუცდელი იყო. ამ ადამიანებმა თავისი განვლილი ცხოვრებით დაამტკიცეს,  რომ თავიანთ პროფესიებში ძალიან ღირსეული და წარმატებული  არიან.  ეს იქნება მეცნიერება, ხელოვნება, იურისპრუდენცია  და აშ.   მათი ასეთი ბრწყინვალე ბეგრაუნდი მათი პოლიტიკური საქმიანობის გარკვეულად დასაწყისი იქნება და დარწმუნებული ვარ,  ეს ადამიანები ძალიან ღირსეულნი იქნებიან  პოლიტიკაში. თუმცა მათ რიგებში,  გამოცდილი პოლიტიკოსებიც არიან.

როგორც მე ასევე ჩემი კოლეგები, შევეცდებით მათ ჩვენი გამოცდილებები გავუზიაროთ.