გადამდგარ კვიტაშვილს 1,7 მილიონიანი გაფლანგვა მიადევნეს

გადამდგარ კვიტაშვილს 1,7 მილიონიანი გაფლანგვა მიადევნეს

[ნიკა ასლანიძე]
საქართველოში მუდამ ასეა - რომელიმე მინისტრის მოხსნიდან რამდენიმე დღეში ირკვევა, რომ ბიუჯეტს უზარმაზარი ზარალი მიადგა. ამ “გამაოგნებელ” დასკვნას წარმოადგენს კონტროლის პალატა ან მსგავსი ორგანიზაცია. ატყდება ერთი ამბავი, კულუარებში მოსაგვარებელი მალე მოგვარდება და ყველას ყველაფერი მიავიწყდება. ამჯერად ჯანდაცვის სამინისტროს რიგი დადგა, სანდრო კვიტაშვილი ხომ სულ ორიოდე კვირის წინ გადააყენეს.

კონტროლის პალატა ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს 1,7 მილიონი ლარის გაფლანგვაში ადანაშაულებს. მთავარი მაკონტროლებლის აუდიტორებმა ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ ტენდერებში კორუფციული სქემები გამოააშკარავეს.

დასკვნაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო მოხელეებმა წითელა-წითურა-ყბაბაყურის ვაქცინაციაზე გამოყოფილი სახელმწიფო თანხა მთლიანად მოარგეს ტენდერში მონაწილე ერთ-ერთი კომპანიის “3ენ ფარმი პლუსის” ბიუჯეტს. შედეგად, სოციალური მომსახურების სააგენტომ 6-ლარიან ვაქცინაში - 17, ხოლო 9-ლარიან ვაქცინაში 18 ლარი გადაიხადა.

კონტროლის პალატის დასკვნის მიხედვით, ვაქცინაციის პროგრამის აუდიტით გამოვლინდა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დარღვევები, რამაც გამოაშკარავა ჯანდაცვის სფეროში მომეტებული კორუფციული რისკები.
2009 წელს “ენ ფარმი პლუსის” მიერ იმპორტირებულ 6-ლარიან ვაქცინაში სააგენტომ გადაიხადა 17 ლარი. ჯამურად, 370,0 ათასი ლარის ვაქცინა შეძენილია 1070,0 ათას ლარად. კომპანიის სარგებელმა შეადგინა 700 ათასი ლარი.  

2010 წელს ამავე კომპანიის მიერ იმპორტირებულ 8.65-ლარიან ვაქცინაში სააგენტომ გადაიხადა 18 ლარი. ამდენად, 605,5 ათასი ლარის ვაქცინა შეძენილია 1260,0 ათას ლარად. სხვაობამ შეადგინა 654,5 ათასი ლარი.

ტენდერში “ენ ფარმი პლუსის” გამარჯვებას ხელი შეუწყვეს შესყიდვაში ექსპერტებად ჩართულმა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა და მისმა მოადგილემ, რომლებმაც 2009 წელს ტენდერიდან დისკვალიფიკაციის მიზნით, კონკურენტისაგან დაუსაბუთებლად მოითხოვეს დოკუმენტაცია, რომლის წარდგენა შეუძლებელი იყო.
აღნიშნულ ტენდერში ორი კომპანია - “ჯი-პი-სი” და “ენ ფარმი პლუსი” მონაწილეობდნენ, რომლებმაც საკუთარი სატენდერო პირობებიც წარმოადგინეს. 

“ჯი-პი-სის” ვაქცინები 15,50 ლარად უნდა შემოეტანა, ხოლო მისი ვარგისიანობის პერიოდი 12 თვე უნდა ყოფილიყო. “ენ ფარმის” პირობების თანახმად კი, იგი ვაქცინას უფრო ძვირად - 17 ლარად შემოიტანდა და მისი ვარგისიანობა 6 თვით განისაზღვრებოდა.

“ჯი-პი-სის” უკეთესი პირობების მიუხედავად, უპირატესობა “ენ ფარმი პლუსს” მიენიჭა. წამლების შესყიდვა ტენდერისა და შემდგომ ექსპერტების გადაწყვეტილების საფუძველზე ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს უნდა განეხორციელებინა, ხსენებული ექსპერტები კი დაავადებათა კონტროლის ცენტის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე და მისი მოადგილე ლევან ბაიდაშვილი იყვნენ.

ირკვევა, რომ ტენდერის ჩატარებიდან ერთი დღით ადრე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვაქცინის შესაძენად 1.100 ათასი ლარი გამოიყო, რაც იმ თანხის ადეკვატური იყო, რომლითაც “ენ ფარმი პლუსს” საქართველოში ვაქცინა უნდა შემოეტანა. თუმცა, სააგენტომ ნაკლები რაოდენობის იაფფასიანი და ამავდროულად ვარგისიანობის ნაკლები ვადის მქონე ვაქცინა შეიძინა.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვაქცინაციისთვის გამოყოფილი თანხის არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, უწყება ამ საქმესთან დაკავშირებით კონტროლის პალატის დასკვნას დაელოდება. ტენდერის არაგმჭვირვალედ ჩატარებაში ეჭვმიტანილი პაატა იმნაძე კი ჯერჯერობით კონკურეტულ კომენტარს ვერ აკეთებს. როგორც თავად აცხადებს, იგი ჯერ არ იცნობს პალატის დასკვნას, ამიტომაც კითხვებზე პასუხის გაცემა უჭირს.

კონტროლის პალატის დასკვნაში ნათქვამია, რომ სხვადასხვა წლებში, ვაქცინების მიწოდების პროცესში არაკოორდინირებული და შეუთანხმებელი ქმედების გამო ვაქცინების მოკლე პერიოდში გაუვარგისებით, სახელმწიფომ იზარალა 132,9 ათასი ლარი. სამინისტროს სისტემის თანამშრომლებმა სახელმწიფო ბიუჯეტს მიაყენეს მნიშვნელოვანი ზარალი - 1788,9 ათასი ლარი.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე შესაძლოა, კონკრეტულ პიროვნებებთან დაკავშირებით აღიძრას, თუმცა მანამდე აუდიტის დასკვნა პროკურატურას გადაეგზავნება.