ჯანიაშვილი:  პარლამენტის აპარატის ყველა თანამშრომელი თავის ოთახებში დარჩება

ჯანიაშვილი: პარლამენტის აპარატის ყველა თანამშრომელი თავის ოთახებში დარჩება

პარლამენტის აპარატის უფროსის დავით ჯანიაშვილის განმარტებით, პარლამენტის აპარატის ყველა თანამშრომელი თავის ოთახებში დარჩება.

„თუმცა, ჩვენი პირადი ნივთები ყველაფერი ჩავალაგეთ და მზად ვიქნებით იმისთვის, რომ ქუთაისში გადავიდეთ.  1 სექტემბერს, პარლამენტის ადმინისტრაციული შენობა, ანუ აპარატის შენობა ქუთაისში თუ მზად იქნება, მოვკიდებთ ჩვენს ნივთებს და ქუთაისში გადავალთ“, – აღნიშნა ჯანიაშვილმა და დასძინა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საკანონმდებლო პროცესი არ შეფერხდეს.

პარლამენტის აპარატის უფროსი შენობის დაცლასთან დაკავშირებით კონკრეტული ვადების არსებობას უარყოფს.

ჟურნალისტებთან საუბარში მან განაცხადა, რომ კონკრეტული ვადა, თითქოს  აპარატის თანამშრომლებმა ოთახები პარასკევამდე უნდა დაცალონ, არარეალურია.

მისი განმარტებით, საგაზაფხულო სესია დამთავრდა და რადგან არც საკომიტეტო მოსმენებია და დეპუტატებიც წინასაარჩევნო რეჟიმზე არიან გადასულები, აპარატის თანამშრომლებმა პირადი და სამსახურეობრივი ნივთების შეკვრის და დასაწყობების დავალება მიიღეს.

მისი თქმით, ქუთაისში მშენებარე პარლამენტის ადმინისტრაციული შენობა დასასრულს უახლოვდება და სრულად გასაგებია, რომ იქ გადასვლას გარკვეული პერიოდი დასჭირდება და უმჯობესი იქნება, მზადყოფნა თავიდანვე იყოს.

ამჟამად პარლამენტის აპარატში  640 თანამშრომელი მუშაობს.