„ეროვნულები“ „ქართული ოცნების“ თემატურ ჯგუფში იმუშავებენ

„ეროვნულები“ „ქართული ოცნების“ თემატურ ჯგუფში იმუშავებენ

საზოგადოებრივი  მოძრაობა „ეროვნულების“ წევრები საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ თემატურ ჯგუფებში ჩაერთვებიან. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ- ერთმა ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ დღეს "ქართული ოცნების" ოფისში მოძრაობის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, "ეროვნულების" წარმომადგენლები "ქართულ ოცნებაში" არსებულ თემატურ ჯგუფებს შეავსებენ და სხვადასხვა მიმართულებებით აქტიურ მუშაობას უკვე დღეიდან დაიწყებენ.

„ამ ორი ორგანიზაციის გაერთიანება იქნება საფუძველი, რომ საქართველოში იყოს მეტი სამოქალაქო თანხმობა და მეტი სოლიდარობა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მოძრაობებს შორის. ეს ყველაფერი კი საერთო ჯამში ხელს შეუწყობს პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესების უკეთ განვითარებას“, - აღნიშნა ალასანიამ.

მისივე შეფასებით, აუცილებელია 90-იან წლების დასაწყისში სახელმწიფო გადატრიალების დროს მომხდარი სამოქალაქო დაპირისპირებით სამართლებრივი წყვეტის აღდგენა. 

 

საზოგადოებრივი მოძრაობა "ეროვნულები" რამდენიმე თვის წინ დაფუძნდა. დამფუძნებლებს შორის არიან ყოფილი პარლამენტარი სანდრო ბრეგაძე, ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე და ჟურნალისტი დავით სოკოლოვი.