შოთა მალაშხია:  წიწილებს შემოდგომაზე დავთვლით

შოთა მალაშხია: წიწილებს შემოდგომაზე დავთვლით

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა მალაშხია მიიჩნევს,რომ  საპარლამენტო არჩევნებში ივანიშვილის გუნდი 18%-ს აიღებს. მალაშხიას შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის მაჩვენებელი „რიკოკრედიტიდან“  „თიბისი“

ბანკის მაჩვენებელში მერყეობს. რას გულისხმობს მალაშხია და ვინ ვის მოპარა საარჩევნო პროგრამა?  

 from.ge შოთა მალაშხიას ესაუბრა:

 - ოპოზიციონერმა პეტრე მამრაძემ განაცხადა, ხელისუფლებას გეგმა აქვს, რომელიც „შოლტი და ნუგბარის“ პრინციპში მდგომარეობს. იგი აცხადებს, რომ ხელისფლება მოსახლეობის რეპრესიებსაც არ ერიდება. ასეთი გეგმა მართლა გაქვთ?

- ეს პეტრე მამრაძის ბოდვებია.

- ხელისუფლებას მსგავსი გეგემა არა აქვს შემუშავებული?

არა, ჩვენ გვინდა ნატოში, ევროკავშირში. ჩვენ გვინდა, რომ ეს არჩევნები სუპერდონეზე ჩატარდეს.

- სუპერდონეზე არ გააყალბებთ?

არა! ამისთვის მოვიწვიეთ გრძელვადიანი დამკვირვებლები. ამისთვის დავუშვით „მასთ ქერი“.  მამრაძის ნათქვამის  კომენტირებას აზრი არა აქვს.

- პეტრე მამრაძემ არ გამორიცხა ისიც, რომ ხელისუფლებამ ივანიშვილის გუნდის ლიდერების დაპატიმრება დაიწყოს. ამ განცხადებას საფუძველი აქვს?

ძალიან გთხოვთ, უფრო სერიოზული შეკითხვები დამისვით.

- ივანიშვილის გუნდის მაჩვენებელი გაიზარდა, სამაგიეროდ, ნაციონალურ მოძრაობას  ელექტორატი დააკლდა.  რის გამო მოხდა ნაციონალური მოძრაობის ელექტორატის დაკარგვა?

- ჯერ ერთი, ამომრჩეველს, რომელიც ჩვენ გვიჭერს მხარს მადლობა მინდა ვუთხრა. ესე იგი, ჩვენ ზუსტად გვესმის რა სჭირდება მოსახლეობას, რომელიც  კარგად ხედავს, რომ შეძლებისდაგვარად ყველაფერს ვაკეთებთ. ეს არის ის პროგრამა, რომელიც ჯანდაცვას, სოფლის მეურნეობას და დასაქმებას შეეხება, ასევე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი და უკვე გაკეთებული საქმეები. ჩვენ საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი გვაქვს. წინასაარჩევნოდ ასეთი მაჩვენებელი თითქმის არასდროს გვქონია.

- თავს ხომ არ იმშვიდებთ?

- წიწილებს შემოდგომაზე დავთვლით. რაც შეეხება ივანიშვილის მაჩვენებელს, მისი მაჩვენებელი „რიკოკრედიტიდან“  თიბისი ბანკის მაჩვენებელში მერყეობს. ხან აქვს „რიკოკრედიტი“ - 18%-ის ფარგლებში, ხან როდესაც პუტინთან ერთად  „მაგიდაზე დაჯდომას“  აპირებს და თითიდან გამოწუწნილ რაღაცეებზე ლაპარაკობს, მისი მაჩვენებელი „თიბისი“ ბანკის 11%–ზე ჩამოდის. მათი მაჩვენებელი დაახლოებით ამ ფარგლებში იქნება, რაც თავის დროზე ეროვნულმა საბჭომ მიიღო, ანუ 17  მთელი და რაღაც.

- თქვენ ფიქრობთ, რომ ივანიშვილის პარტია არჩევნებში 17% აიღებს?

- არა, რიკოკრედიტის მაჩვენებელს- 18%-ს.

-რა გაძლევთ ასეთი დამშვიდების საფუძველს?

- საქართველოს მოსახლეობის მჯერა, შეხვედრებზე დავდივარ და ვიცი.

- მერე მათგან მწვავე განცხადებებს არ ისმენთ?

- კი, ვისმენთ, ჩვენგან ითხოვენ რაც არის გაკეთებული კიდევ უფრო მეტის გაკეთებას.

მოსახლეობა ამბობს, რომ თქვენი დაპირებები მხოლოდ 3 თვიანია?

სოფლის მოსახლეობას ვხვდები სამეგრელოში, შიდა და ქვემო ქართლში და შემიძლია გითხრათ, რომ საკმაოდ ჯანსაღი, კრიტიკული პოზიციაც მომისმენია. ეს ჩვეულებრივი ამბავია.

- თქვენ 8 წელი გქონდათ, რომ ეს დაპირებები შეგესრულებინათ, რატომ მაშინ არ შეასრულეთ ეს ყველაფერი?

- 8 წლის განმავლობაში ჩვენ ეკონომიკა  4-ჯერ გავზარდეთ, ბიუჯეტი გავზარდეთ 12 - ჯერ, დაზღვეული გვეყოლება საქართველოს მოსახლეობის ნახევარი -2 მილიონ ნახევარი, პენსიები გავზარდეთ 5-ჯერ, ელექტროენერგია, წყალი და გაზი პრაქტიკულად ყველა სოფელში მივიყვანეთ. მოვსპეთ კრიმინალი და კორუფცია. ადამიანებს გაუჩნდათ სხვა მოთხოვნები, რომელსაც აუცილებლად დავაკმაყოფილებთ.

- ოპოზიცია ამბობს, რომ ნაციონალებმა ივანიშვილს პროგრამა მოპარეთ და 4 წელზე გაამრავლეთ. ამაზე რას იტყვით?

- ეს სასაცილოა. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ ამაზე სააკაშვილი 2004 –2005 წლებში საუბრობდა და არ შეასრულა. ესე იგი, გამოდის, რომ თუ 2004 –2005, 2006-2007 წლებში ეს ჩვენი პროგრამა იყო, ამის შემდეგ შეიძლება ეს პროგრამა ივანიშვილმა მოიპარა და ჩვენ ისევ დავიბრუნთ. ივანიშვილს ვერანაირად ვერ მოვპარავდით.

- ქურდის ქურდი ცხონდება...

- ან შეთანხმდნენ, ეს არის ან ჩვენი პროგრამაა, რომელიც ვერ შევასრულეთ და დღეს ვასრულებთ, ან არის ივანიშვილის პროგრამა. მათი ლოგიკით გამოდის, რომ თუ ეს ივანიშვილის პროგრამაა, ადრე ჩვენი იყო, გამოდის ივანიშვილს მოუპარავს და ჩვენ უბრალოდ დავიბრუნეთ.

- ივანიშვილის ადგილს არჩევნების შემდეგ, ქართულ პოლიტიკაში სად ხედავთ?

- ჭორვილაში.

- იქ რას გააკეთებს?

- პინგვინების მოშენებით იქნება დაკავებული.