ზვიად ძიძიგური: „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები თითიდან გამოწოვილი ბრალდებით დააკავეს

ზვიად ძიძიგური: „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები თითიდან გამოწოვილი ბრალდებით დააკავეს

კოალიცია ქართული ოცნების“ წევრების დაკავებასთან დაკავშირებით „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, ზვიად ძიძიგურმა საგანგებო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, პარტიის აღმასრულებელ მდივანს მერაბ კაჭახიძეს პარტიისთვის ფინანსური რესურსების მობილიზება ჰქონდა დავალებული. შსს-ს გადაწყვეტილება მის დაკავებასთან დაკავშირებით კი უსაფუძვლო, თითიდან გამოწოვილი ბრალდებაა.

როგორც ძიძიგურმა ჟურნალისტებს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა, ჯერ კიდევ სამი თვის წინ, „კონსერვატორულმა პარტიამ“ ეროვნული კომიტეტის სხდომა ჩაატარა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხელისუფლების მხრიდან „ქართული ოცნების“ ფინანსური წყაროების შეზღუდვის გამო, პარტიაში ფინანსური რესურსების მობილიზება მოეხდინათ და პარტიის ანგარიშზე საწევროები და პირადი დანაზოგები ჩაერიცხათ. 

მისივე განმარტებით, ფინანსური რესურსების მობილიზება პარტიისთვის სწორედ მერაბ კაჭახიძეს დაევალა, მთაწმინდის ორგანიზაციის სხდომის ოქმს ხელს კი სხდომის თავმჯდომარე ეკა ლომაია აწერს, რომლის მიერაც, ზვიად ძიძიგურის თქმით, ჩანაწერი ფარულად გაკეთდა.

„მთაწმინდის რაიონული ორგანიზაციის თამჯდომარე ეკა ლომაიამ, რომელსაც ფარული ვიდეოკამერა ჰქონდა მიმაგრებული, კომიტეტის სხდომაზე თავადვე აიღო პასუხისმგებლობა, რომ იგი მთაწმინდაზე ფინანსების მობილიზებას უხელმძღვანელებდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომიტეტის სხდომის ოქმიც გვაქვს, სადაც ლომაია პირადი ხელმოწერით ადასტურებს მის მიერ აღებულ პასუხისმგებლობას“ - აღნიშნა ძიძიგურმა. 

მისივე განმარტებით, შსს-ს მიერ გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერში კაჭახიძე არა ფარულ მაქინაციებს ამუშავებს, არამედ პარტიის წევრებს განუმარტავს, როგორ უნდა მოიქცნენ, რომ საწევროები და პირადი დანაზოგი პარტიის ანგარიშზე ჩაირიცხონ. 

"მინდა, მივმართო შინაგან საქმეთა მინისტრს და ხელისუფლებას. ჩვენს საქმიანობაში კანონსაწინააღმდეგო არაფერია. პარტიისთვის პარტიული საწევროსა და შემოწირულობების მობილიზება კრიმინალს და თაღლითურ გარიგებას არ წარმოადგენს და ამისთვის ფარული კამერების მიმაგრება საჭირო არ არის. მე ახლაც მოვუწოდებ ჩვენი პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს, შემოიტანონ საწევრო გადასახადები და შესწირონ პარტიას შემოწირულობა", - განაცხადა დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე ძიძიგურმა.

შეგახსენებთ, კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრებს მერაბ კაჭახიძეს, თეიმურაზ შეყლაშვილს და ტარიელ ქარდავას ბრალს კანონით დადგენილი შეზღუდვისათვის თავის არიდების მიზნით, თვალთმაქცური გარიგების დადებისთვის წაუყენებენ. 
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება, პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონით დადგენილი შეზღუდვისთვის თავის არიდების მიზნით თვალთმაქცური გარიგების დადების ფაქტზე 2012 წლის მაისში დაიწყო.