საერთაშორისო საზაფხულო სკოლა: ქართული დამწერლობა

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა: ქართული დამწერლობა

დღეს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში საერთაშორისო საზაფხულო სკოლა გაიხსნება. პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ღონისძიებას გახსნის ხელნაწერთა ეროვნუილი ცენტრის დირექტორი: ბუბა კუდავა. საერთაშორისო სკოლის მონაწილეებს მიესალმებიან: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, ამავე სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი: სულხან სისაური, ცენტრის მეგობართა საზოგადოების წევრი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე: ნათია წკეპლაძე.

ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა 17 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. პროექტის მიზანია: ქართველოლოგიური მეცნიერებების პოპულარიზაცია, ქართული კულტურის მნიშვნელოვანი მონაპოვრის - ქართული დამწერლობის საერთაშორისო ასპარეზზე გატანა, ქართული ხალნაწერი ტრადიციის, როგორც კულტურათაშორისი ურთიერთობების პროდუქტის, მრავალმხრივობის აქცენტირება, ქართველ და უცხოელ მეცნიერთა და სტუდენტთა სამომავლო თანამშრომლობისათვის საფუძვლის მომზადება, თანამშრომლობითი ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა.

საზაფხულო სკოლა განკუთვნილია ქართული კულტურით, განსაკუთებით კი ქართული დამწერლობით და ხელნაწერი მემკვიდრეობით დაინტერესებული უცხოელებისთვის.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობას მიიღებს 18  (თვრამეტი) უცხოელი შემდეგი ქვეყნებიდან:  გერმანია, ამერიკის შეერთებული შტატები, იტალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სერბია, პოლონეთი, თურქეთი, მაკედონია, ირანი, სომხეთი და დიდი ბრიტანეთი.

საზაფხულო სკოლის სასწავლო გეგმა მოიცავს აკადემიურ და კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამებს. აკადემიური პროგრამა ითვალისწინებს სალექციო კურსებს, პრაქტიკულ სამუშაოებსა და დავალებებს, ვორქშოფებს. აკადემიურ სასწავლო კურსს წარუძღვებიან ქართველოლოგიის სფეროს ქართველი მეცნიერები. კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს თემასთან დაკავშირებულ გამოფენას და ექსკურსიებს.

პროგრამის ფარგლებში მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილია 3 დისკუსია, ასევე სკოლის მონაწილეების სამეცნიერო-კვლევითი ნამუშევრების  წარდგენა პრეზენტაციის სახით. სკოლის სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს მსმენელების შეფასების ორკომპონენტიან სისტემას და მსმენელთა მიერ პროგრამის შეფასებას. სკოლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატი.

 სკოლის სამუშაო ენაა ინგლისური.

ლექციები ძირითადად ჩატარდება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, ასევე, თემატიკიდან გამომდინარე,  ექსკურსიების ფარგლებში სხვადასხვა სამუზეუმო და საბიბლიოთეკო სივრცეში