საკონსტიტუციო სასამართლომ ალექსანდრე ბარამიძის, ლაშა ტუღუშისა და ვახტანგ ხმალაძის სარჩელზე ინფორმაცია გაავრცელა

საკონსტიტუციო სასამართლომ ალექსანდრე ბარამიძის, ლაშა ტუღუშისა და ვახტანგ ხმალაძის სარჩელზე ინფორმაცია გაავრცელა

"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გამწესრიგებელ სხდომაზე ზეპირი მოსმენით განხილულ იქნა #516 კონსტიტუციური სარჩელის ("საქართველოს მოქალაქეები ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში და ვახტანგ ხმალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ") არსებითად განსახილველად მიღების საკითხი.

მოცემული კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელეები კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ თვლიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის (ჯაშუშობა) პირველი პუნქტის სიტყვებს - "აგრეთვე საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის ან უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე".

მოსარჩელეთა აზრით, სადავო ნორმაში მოცემული ტერმინები - "საქართველოს ინტერესის საზიანოდ", "უცხოეთის ორგანიზაციის" და "სხვა ინფორმაციის", იძლევა სამართალშემფარდებლის მიერ ნორმის ფართო, თვითნებური განმარტების საშუალებას, რის გამოც ნორმა არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ კანონის განჭვრეტადობის მთხოვნებს. სადავო ნორმა პირს არ აძლევს ზუსტ მითითებას, რომელი უცხოური ორგანიზაციისათვის რა სახის ინფორმაციის მიწოდება ეკრძალება მას, რაც თავის მხრივ შეიძლება გახდეს პირის გამოხატვის თავისუფლების უფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვის საფუძველი.

ამავე დროს, სადავო ნორმით განსაზღვრული სანქცია არის არაპროპორციულად მკაცრი იმ ქმედებასთან მიმართებით, რომლის პრევენციასაც ის ემსახურება და შესაბამისად, იგი ნორმის დისპოზიციიდან დამოუკიდებლად იწვევს გამოხატვის თავისუფლების უფლების დარღვევას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებს და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტს და მოითხოვენ მათ არაკონსტიტუციურად ცნობას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის გადაწყვეტილება #516 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით, მოგვიანებით გახდება ცნობილი", - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.