თავდაცვის სამინისტრომ  ჯარისკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება  გაავრცელა

თავდაცვის სამინისტრომ ჯარისკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

თავდაცვის სამინისტრო ჯარისკაცის კობა მახარაშვილი გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც from.ge  უცვლელად გთავაზობთ .

"ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რიგითი კობა შალვას ძე მახარაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. მომხდართან დაკავშირებით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც სამხედრო პოლიცია იძიებს. გამოძიების დასრულების შემდეგ საქმის დეტალები საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება. თავდაცვის სამინისტრო დაფარავს დაკრძალვის ხარჯებს და მატერიალურად დაეხმარება გარდაცვლილის ოჯახს", - თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ  განცხადებაში.

გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში გუშინ 19 წლის კობა მახარაშვილი ჩამოასვენეს. გარდაცვლილი გორის სამხედრო ნაწილში მსახურობდა.

 ჯარისკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ტყვია პირში აქვს ნასროლი და კეფა აქვს განგრეული.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ჯარისკაცმა მშობლებს სხვა სამხედრო ნაწილში გადაყვანა სთხოვა. მეზობლების თქმით, შემთხვევამდე კობა მახარაშვილი ოჯახს ოცი წუთით ადრე ტელეფონით ესაუბრა. 

როგორც გარდაცვლილის მეზობლები აცხადებენ, „ზოგი ამბობს მოკლესო, ზოგი ამბობს თავი მოიკლაო, რა მოხდა არავინ იცის“.

გარდაცვლილი ჯარისკაცის მამა შალვა მახარაშვილი მომხდარის ვერსიებზე არ საუბრობს. „გუშინწინ, 21:30 საათზე მოხდა ეს ამბავი, სხვა არაფერი ვიცი. რა მოხდა არავინ იცის, ვერ გეტყვით თვითმკვლელობა იყო თუ მკვლელობა. ბოლოს ერთი თვის წინ ვნახე შვილი, აქ იყო ჩამოსული, არაფერი უთქვამს თუ ვინმესთან კონფლიქტი და დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ჯარში. ექსპერტიზა ჩაუტარდა უკვე და ალბათ გამოძიება დაადგენს ყველაფერს, მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია. ეს არის, რაც ვიცი“, - აცხადებს გარდაცვლილის მამა. კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში.