ნოდარ ჯავახიშვილი

ნოდარ ჯავახიშვილი "ქართუ ბანკის" გენერალური დირექტორობიდან გაათავისუფლეს

ნოდარ ჯავახიშვილი "ქართუ ბანკის" გენერალური დირექტორისა და "ქართუ ჯგუფის" პრეზიდენტის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ  ჯავახიშვილმა ტელეკომპანია  "მაესტროს" ეთერში პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

,,ახლ მმართველს ველოდებოდით, მაგრამ არ გამოჩენილია. ფოსტით მოგვივიდა სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებები სხდომის ოქმებზე, რომლის მიხედვითაც, გათავისუფლებული ვარ ,,ქართუ ჯგუფის" პრეზიდენტის პოსტიდან და განთავისუფლებულია და მთელი დირექტორატი ბანკ ,,ქართუში", _ განაცხადა ჯავახიშვილმა.

,,თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხვალ ან ზეგ, დირექტორატის წევრებს შემოთავაზებები არ ექნებათ, რადგან წარმოუდგენელია ბანკიდან ყველა სერიოზული პერსონა გაათავისუფლო და სერიოზული წყვეტის გარეშე განაგრძო მართვა", - განაცხადა ჯავახიშვილმა

,,შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებამ დაამთავრა ,,ქართუ" ჯგუფისა და ,,ქართუ" ბანკის წინააღმდეგ ცხრათვიანი ბრძოლის ეპოპეა. თუმცა ბრძოლა საკუთრების სიწმინდისათვის გაგრძელდება და ამას უფრო აქტიურად გააგრძელებენ ჩვენი დამფუძნებლები", _ განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ქართუ ჯგუფის" აქციათა 100%-ისა და პროგრეს ბანკის აქციათა 21.71%-ის იძულებით მმართველად ვლადიმერ უგულავა დაინიშნა.

"2012 წლის 12 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობა სს ,,ქართუ ჯგუფი"-ს აქციათა 100%-ის და სს ,,პროგრეს ბანკი"-ს აქციათა 21,71450%-ის მმართველის დანიშვნის თაობაზე. აღსრულებას დაქვემდებარებული ქონების მმართველად, პროფესიული და პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინებით დაინიშნა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი ვლადიმერ უგულავა", - ნათქვამია აღსრულების ბიუროს განცხადებაში.