სალომე ზურაბიშვლი:  მე ვარ კანიდიდატი ყველა პოსტზე და არცერთ პოსტზე

სალომე ზურაბიშვლი: მე ვარ კანიდიდატი ყველა პოსტზე და არცერთ პოსტზე

პარტია „საქართველოს გზის“ ლიდერი, სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს სრულ მხარდაჭერას უცხადებს, თუმცა „ქართული ოცნების“ სახელით მაჟორიტარ კანდიდატად კენჭს  არ აპირებს. ამის შესახებ ზურაბიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ამჯერად დროებით არის ჩამოსული და კვირას დილით ისევ დატოვებს საქართველოს.

ზურაბიშვილი განმარტავს, რომ დუმილის დრო დამთავრდა და იგი საჯაროდ აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს უჭერს მხარს. მისი თქმით, ივანიშვილი სააკაშვილის გუნდზე არჩევნებით გამარჯვების ერთერთი რეალური შანსი და ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი რეალური გზაა.

 „ბიძინა ივანიშვილს მხარს ვუჭერ არა როგორც პიროვნებას, თუმცა მიმაჩნია, რომ თავისი წარსულით არის ღირსი, ამ ქვეყანას სათავეში ჩაუდგეს და თავისი ნიჭი და გამოცდილება ამ ქვეყნისათვის გამოიყენოს. მე მხარს ვუჭერ ივანიშვილს, რადგან მან არჩევნების გზა აირჩია. თქვენ კარგად გახსოვთ ჩემი და ჩემი პარტიის პოზიცია, ჩვენ ყოველთვის ვთვლიდით, რომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს არჩევნებით და არა ახალი დავიდარებით. ამასთანავე, ჩვენ მხარს ვუჭერთ ბიძინა ივანიშვილის მიერ შერჩეულ სტრატეგიას და მის მიერ შერჩეულ გუნდს“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე, ბევრ რამეზე შეთანხმდნენ. მართალია, ის მაჟორიტარად კენჭისყრას არ აპირებს, მაგრამ „ქართული ოცნების“ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ სახელმწიფოებრივ სამსახურში აუცილებლად ჩადგება. რა თანამდებობას დაიკავებს ის ჯერჯერობით უცნობია - მე ვარ კანიდიდატი ყველა პოსტზე და არცერთ პოსტზე - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, პოსტების განაწილებაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა. არჩევნებამდე კი ის საქართველოში დარჩენას და პოლიტიკურ საქმიანობას არ აპირებს - ჩვენ შევთანხმდით, რომ მე ჯერ აქ საჭირო არ ვარ, საფრანგეთდან კი ყველანაირად შევეცდები კოალიციას დავეხმარო - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან თავის პარტიაზეც ისაუბრა და მიიჩნევს, რომ მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობისა, ყველა ოპოზიციური პარტია ერთ კოალიციაში არ უნდა გაერთიანდეს.

და ამბობს, რომ მის ამ პოზიციას ბიძინა ივანიშვილიც იზიარებს. ზურაბიშვილისვე თქმით, მასთან ერთად მისი პარტია "საქართველოს გზაც" მხარს უჭერს "ქართულ ოცნებას" - "ჩვენ არ ვიქნებით კონკურენციის რეჟიმში, პარტია თავის გზას გააგრძელებს და რა კუთხითაც შეეძლება კოალიციას დაეხმარება" - განაცხადა ზურაბიშვილმა და დაამატა, რომ არ არის აუცილებელი ყველა პარტია გაერთიანდეს, რადგანაც მრავალპარტიული გარემოს არსებობა საჭიროა.

 "საქართველოს გზის" ლიდერი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვას აბსოლუტურად ენდობა, ენდობა მათ მიერ არჩეულ გზასაც, კერძოდ ხელისუფლებაში არჩევნებით მოსვლას, მაგრამ თუ ივანიშვილი მის მიერ არჩეულ გზას ოდესმე გადაუხვევს, სალომე ზურაბიშვილი და მისი პარტია "საქართველოს" გზა მას ოპოზიციაში ჩაუდგება.

„ვაითუ ბიძინა ივანიშვილმა მარჯვნივ ან მარცხნივ გადადგას ნაბიჯი იმ გზიდან, რომელიც მის გზად მიმაჩნია, მაშინ ეს პარტია ოპოზიციაში ჩაუდგება მას. არ მგონია, რომ ეს გვემუქრებოდეს, მაგრამ მრავალპარტიულობა სწორედ ამას ნიშნავს, რომ საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს. მინდა საქართველო ავაშენოთ ცოტა სხვა საწყისებზე, ვიდრე აქამდე იყო და რამაც დღევანდელ ნგრევამდე მიგვიყვანა“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

როგორც ზურაბიშვილი აცხადებს, საზღვარგარეთ არის საქართველოს ბევრი მოქალაქე, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ ქვეყნის აღმშენებლობაში და სწორედ მათ მოზიდვაზე იზრუნებს. გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ანტიეროვნული პოლიტიკის წარმოებაში დაადანაშაულა. მისი ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლების ლობისტები საზღვარგარეთ ცდილობენ, წარმოაჩინონ სიტუაცია ისე, რომ საქართველოს ხსნა და გადარჩენა მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" ხელშია.