შსს კარალეთის ინციდენტს გამოეხმაურა

შსს კარალეთის ინციდენტს გამოეხმაურა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კარალეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით  განცხადება გაავრცელა.  სამინისტრო მოუწოდებს ყველას გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება  

"2012 წლის 12 ივლისს სოფელ კარალეთში კოალიცია "ქართული ოცნების" მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის სიტყვიერ შეურაცხყოფას ფიზიკურ შეხლა-შემოხლა მოყვა. აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და პოლიციის მიერ ხორციელდება მომხდარ ფაქტში მონაწილე პირების იდეტინფიცირება. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველას გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავებულობა, ნებისმიერი მოქალაქის ქმედება მოქცეული უნდა იყოს კანონიერების ფარგლებში", -შსს-ს  ნათქვამია განცხადებაში.

გორის რაიონის სოფელ კარალეთში "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მოსახლეობასთან შეხვედრისას ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

 სოფელში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებთან შესახვედრად კახი კალაძე, გიორგი ვოლსკი, სოზარ სუბარი და კოალიციის სხვა წარმომადგენლები ჩავიდნენ. სოფელში იმყოფებოდა გიორგი ყარყარაშვილიც. თუმცა მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა "ქართული ოცნების" აქტივისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ინციდენტში 20-მდე ადამიანი მონაწილეობდა. თავდაპირველად მათ კოალიციის ლიდერებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც მათ ქვები ტელეკომპანიების: "მაესტროსა" და "თრიალეთის" გადამღებ ჯგუფებს დაუშინეს. კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი კახი კალაძე მომხდარზე პასუხისმგებლობას პრეზიდენტს აკისრებს. მისი განცხადებით, დაპირისპირებაში მონაწილე პირები მაჟორიტარი დეპუტატის, ბადრი ბასიშვილის ახლობლები და ზონდერბრიგადების წევრები არიან. კალაძის  თქმით,  ინციდენტში სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელებიც მონაწილეობდნენ.

როგორც კოალიციის წევრი, რეჟისორი ქეთი დოლიძე აცხადებს, შეხვედრის ჩასაშლელად სპეციალურად იყვნენ მისულები “სააკაშვილის ზონდერები” მათ მანქანაში ჰქონდათ ქვები, რომლებიც ისროლეს კალაძის მანქანის მიმართულებით და ავტომანქანა დაამტვრიეს. დაზიანდა კალაძის დაცვის ორი წევრი.

 "ქართული ოცნების" წარმომადგენლის სოზარ სუბარის ცნობით კი, ინციდენტისას ათზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ჟურნალისტებიც. დაშავებულები გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს.