აქციის მონაწილე ქალბატონს სასწრაფო დახმარების მანქანაში  ჟანგბადის ბალიშით ასუნთქებენ

აქციის მონაწილე ქალბატონს სასწრაფო დახმარების მანქანაში ჟანგბადის ბალიშით ასუნთქებენ

პარლამენტის მისაღებში ცუდად მყოფი ქალბატონი ამ წუთებში სასწრაფო დახმარების მანქანაში იმყოფება და მას ჟანგბადის ბალიშით ასუნთქებენ. შუახნის ქალბატონი ცუდად რამდენიმე წუთის წინ გახდა როდესაც პარლამენტთან დევნილები და „ასტუპნიკები“ ერთობლივ აქციას მართავდნენ. აქციის მონაწილეები პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელთან ითხოვდნენ შეხვედრას.

აქციის ორგანიზატორს, პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერს გიორგი ლაღიძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელი შეხვდა. დახურული შეხვედრის შემდეგ, ლაღიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ე.წ. ასტუპნიკები და დევნილები ამ ეტაპზე შიმშილობის დაწყებაზე უარს ამბობენ.

როგორც ლაღიძემ განმარტა, იურიდიულ კომიტეტისგან მიიღეს წინადადება, რომ თუ ე.წ. ატსტუპნიკები 30 000 ხელმოწერას შეაგროვებენ და საკანონმდებლო ინიციატივას დაარეგისტრირებენ, კომიტეტი საკანონმდებლო ცვლილებას მხარს დაუჭერს.

აქციის მონაწილეები „ბინათმოსარგებლეთა შესახებ“ კანონში ერთი მუხლის დამატებას ითხოვენ.

„კანონში უნდა ჩაიწეროს, ყველა ბინათმოსარგებლე ანუ ე.წ. ასტუპნიკი ფართის თანამესაკუთრე უნდა გახდეს. ეს ნიშნავს იმას, რომ დღევანდელ მესაკუთრეს თანამესაკუთრის ნებართვის გარეშე ბინის გაყიდვის, იპოთეკით დატვირთვის ან გაჩუქების საშუალება არ ექნება. ე.წ. ასტუპნიკს გარანტია ექნება, რომ ფართს თაღლითურად არ გაუყიდიან,“ - განაცხადა გიორგი ლაღიძემ.

რაც შეეხება დევნილებს, ლაღიძემ აღნიშნა, რომ კომიტეტი დევნილებს ურჩევს, ფართების დაკანონების მოთხოვნით პარლამენტის თავმჯდომარეს კოლექტიური განცხადებით მიმართონ.

ლაღიძის თქმით, პარლამენტი ამ პრობლემით დაინტერესდება და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა სამინისტროს შუამდგომლობით მიმართავს.

„თუ ეს მორიგი ტყუილი არ არის და ქმედითი ნაბიჯია, რეალურად მისასალმებელია,“ - განმარტა  გიორგი ლაღიძემ.