გოკა გაბაშვილი: „ქართული ოცნება“ „მაესტროს“ მეშვეობით მოქმედებდა

გოკა გაბაშვილი: „ქართული ოცნება“ „მაესტროს“ მეშვეობით მოქმედებდა

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გოკა გაბაშვილი მიიჩნევს, პოლიტიკური ორგანიზაცია „ქართული ოცნება“ მაესტროს მეშვეობით მოქმედებდა და ერთი და იგივე ანტენებზეა საუბარი.  „ამომრჩევლების მოსყიდვა და უფასო საჩუქრების დარიგება, დაუშვებელია და სამართალდამცავმა ორგანოებმა შესაბამისად იმოქმედეს“ - აღნიშნა გაბაშვილმა.

იგი მიიჩნევს,რომ „მაესტროს“ ანტენების დაყადაღება ე.წ. მასთ ქერის პრინციპს ხელს არ შეუშლის.

„მასთ ქერის“ პრინციპი აუცილებლად განხორციელდება, ამას არაფერი ხელს არ შეუშლის და ყველა მაუწყებელი ყველა კაბელზე გავრცელდება “, – ირწმუნება გაბაშვილი.

"მაესტროს" დამფუძნებლებმა ტელეკომპანიის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დღეს მიმართვა გაავრცელეს.

"გავრცელების არეალის გაფართოების მიზნით, ტელეკომპანია მაესტრომ 2012 წლის 3 ივლისს პიარ კამპანია დაიწყო სახელწოდებით: "მაესტრო ყველა ოჯახში", რომლის ფარგლებშიც მიმდინარე წლის ზაფხულის განმავლობაში რეგიონების მასშტაბით სატელიტური თეფშების მონტაჟი იგეგმებოდა. პირველი სიმბოლური თეფში სოფელ ხანდაკში 3 ივლისს დამონტაჟდა.

2012 წლის 11 ივლისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა და "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად" სასამართლოს "ტელეკომპანია "მაესტროს" მიერ შემოტანილი ანტენების დაყადაღების" მოთხოვნით მიმართა. სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა ზეპირი მოსმენის გარეშე 2012 წლის 11 ივლისსვე განიხილა და დააკმაყოფილა“, – ნათქვამია მაესტროს განცხადებაში.