სპორტის სამინისტრო პოლიტიკური ნიშნით სპორტსმენების დევნის ფაქტებს უარყოფს

სპორტის სამინისტრო პოლიტიკური ნიშნით სპორტსმენების დევნის ფაქტებს უარყოფს

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, იმ სპორტსმენების განცხადების პასუხად, რომელთაც საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართეს და სამინისტრო პოლიტიკური ინშნით სპორტსმენების გარჩევაში დაადანაშაულეს, აცხადებს, რომ ეს განცხადება სიმართლეს არ შეესაბემება და  „პოლიტიკური შეხედულების გამო მათ არასოდეს შეუზღუდავს არცერთი სპორტსმენი და არცერთი მათგანის მიმართ არ გატარებულა არანაირი საჯარიმო სანქცია“.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მან არა აუკრძალა, არამედ რეკომენდაციები გასცა სპორტსმენების პოლიტიკისგან გამიჯვნის  შესახებ, რადგან ეს მათ სპორტულ დისციპლინას დაურღვევდა.

„აღნიშნული სპორტსმენები დღემდე იღებენ სპორტული მიღწევებისთვის სახელმწიფოს მიერ დანიშნულ ანაზღაურებას და არცერთი მათგანი პოლიტიკური შეხედულებების გამო, ეროვნული ნაკრებიდან არ გაურიცხავთ.

ყველა სპორტსმენი თავისი ქვეყნის მოქალაქეა და შესაბამისად სრული უფლება აქვს ჰქონდეს და გამოხატავდეს თავის მოქალაქეობრივ, ან პოლიტიკურ შეხედულებას...რაც შეეხება სპორტსმენის პოლიტიკაში ჩართვის უარყოფით ასპექტს - ასეთი ასპექტი მხოლოდ ერთია - პოლიტიკაში აქტიურად ჩართვა არღვევს პირადად სპორტსმენის და ნაკრების სპორტულ რეჟიმს, რაც ნეგატიურად აისახება ქართული სპორტის შემდგომ მიღწევებზე“,-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ განცხადების ყველა ხელმომწერი სპორტსმენი კონკრეტული პოლიტიკური კოალიციის მხარდამჭერია.

„ გუშინდელი განცხადების ყველა ხელმომწერი კონკრეტული პოლიტიკური კოალიციის წევრი და მხარდამჭერია, შესაბამისად მათი განცხადებაც ამ კოალიციის საარჩევნო კამპანიის ნაწილია. მათ სრული უფლება აქვთ კამპანიაში მონაწილეობისაც, მაგრამ სამწუხაროა რომ ამ მონაწილეობის გზად საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა ამორჩეული“,-აღნიშნულია განცხადებაში.