ნოდარ ჯავახიშვილი: სამსახურის დატოვება  ჩემთვის   მუქარა არაა

ნოდარ ჯავახიშვილი: სამსახურის დატოვება ჩემთვის მუქარა არაა

„ქართუ ბანკის“ პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს „ქართუ ჯგუფისა“  და „პროგრეს ბანკის“ აქციების მმართველად ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტის  ვლადიმერ უგულავას  დანიშვნის შეფასებისას აცხადებს, რომ ხელისუფლებამ  აქციების სახელმწიფო საკუთრებაში მოქცევა საერთაშორისო სკანდალის შემცირების მიზნით გადაიფიქრა, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილების მიმღების ტვინში ჩახედვას არ აპირებს.

რაც შეეხება იცნობს, თუ არა  „ქართუ ჯგუფის“ იძულებით მმართველს, ჯავახიშვილი აღნიშნავს, რომ  შეიძლება იცნობს, მაგრამ ვერ იხსენებს.

„რომ ვნახავ,  შეიძლება  გავიხსენო. მისი განვლილი ცხოვრება,  რაც  ინტერნეტში წავიკითხე პრინციპში ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენ რაღაც ეტაპზე ერთმანეთს შევხვედრივართ,  მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვიხსნებ“, - განაცხადა ჯავახიშვილმა.

იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მიერ დანიშნული მმართველი „ქართუ ბანკის“  ხელმძღვანელობას შეცვლის და ჯავახიშვილი ბანკის ხელმძღვანელი აღარ იქნება, ის ამაში ტრაგედიას ვერ ხედავს.

„სამსახურის დატოვება  ჩემთვის   მუქარა არაა. მოვა იძულებითი მმართველი და რასაც მეტყვიან  შესაბამისი რეაქცია მექნება. მე ძალიან დიდი ხანია ყველაფრისთვის მზად ვარ, მაშინაც კი მზად ვიყავი, როდესაც  ამ თანამდებობაზე მოვედი“, - განაცხადა ჯავახიშვილმა.

შეკითხვის პასუხად, იმ შემთხვევაში, თუ ბანკის ხელმძღვანელი აღარ იქნება, დაბრუნდება თუ არა პოლიტიკაში, აცხადებს, რომ ეს გამორიცხული არაა.

 „თქვენ გგქონიათ, რომ ვინმე  სხვა სამსახურს შემომთავაზებს?ამ ეტაპზე, სხვა რაიმეს ვერ ვხედავ. ისე პრინციპში,  მე პოლიტიკიდან  მხოლოდ იმიტომ წამოვედი,  რომ  მივიჩნევდი აქაც იმ დიდი პოლიტიკიდან,  რაღაც პატარა შემადგენელ ელემენტს ვაკეთებდი გამოდინარე იქიდან, რომ ჩემი აზრით,  სამართლიანობის დაცვა უპირველესი პოლიტიკაა“, - განაცხადა ჯავახიშვილმა.